(Translated by https://www.hiragana.jp/)
ახალციხის ქვაბული - ვიკიპედია

ახალციხის ქვაბული

ახალციხის ქვაბული[1], სამცხის ქვაბული — ტექტონიკური ეროზიული მთათაშორისი ქვაბული სამხრეთ საქარ

ახალციხის ქვაბული[1], სამცხის ქვაბული — ტექტონიკური ეროზიული მთათაშორისი ქვაბული სამხრეთ საქართველოში, მდინარე მტკვრის ზემო აუზში. ჩრდილოეთიდან შემოფარგლულია მესხეთის ქედის, სამხრეთიდან ერუშეთის ქედის, დასავლეთიდან არსიანის ქედის კალთებით; აღმოსავლეთით ესაზღვრება თრიალეთის ქედის დასავლეთი დაბოლოება.

ახალციხის ქვაბულის ძირის აბსოლუტური სიმაღლე საშუალო 900-1000 მ ქვაბულის კალთები აგებულია შუაეოცენური ასაკის ვულკანოგენური ქანებით, ხოლო შუა ნაწილი ზედა ეოცენის თაბაშირიანი ქვიშიან-თიხოვანი წყებით, ოლიგოცენური თიხებითა და ქვიშიან-თიხოვანი ნალექებით, აგრეთვე მიო-პლიოცენის ტუფოგენური (გოდერძის) წყებით. მეოთხეული ნალექები მტკვრისა და მისი შენაკადების ხეობათა ძირზეა.

ქვაბულის ცენტრში ტერასული ვაკეა. კლდეებზე (ზღვის დონიდან 1200-1300 მ-მდეა) განვითარებულია ბორცვიან-სერებიანი ეროზიული ლანდშაფტი, უმთავრესად რელიეფის ნაზი ფორმებით; ვულკანოგენურ წყებებზე რელიეფი კლდოვანია. 1200-1300 მ ზემოთ მესხეთის, ერუშეთისა და არსიანის ქედების კალთების საკმაოდ დანაწევრებული მთა-ხეობათა რელიეფია.

ახალციხის ქვაბულში ძირითადად მთის სტეპის ჰავაა. ზამთარი - ცივი, შედარებით მშრალი, ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი. იანვრის საშუალო ტემპერატურა - 2,2 °C (ასპინძა), - 5,4 °C (აბასთუმანი) ფარგლებში მერყეობს, აგვისტოში 17,3 °C-დან (აბასთუმანი) 20,5 °C-მდე (ახალციხე). საშუალო წლიური ტემპერატურა 6,5 °C, 9,5 °C. აბსოლუტური მინიმალური -29 °C,-32 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 36 °C, 39 °C. ნალექები 400-520 მმ წელიწადში. ქვაბულის ფერდობებზე ზემოთ ზომიერი ნოტიო ჰავაა ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით.

ახალციხის ქვაბულის ჰიდროგრაფიულ ქსელს შეადგენს მდინარე მტკვარი და მისი შენაკადები - ფოცხოვისწყალი (შენაკად ქვაბლიანით), ურაველი, წინუბნისწყალი და სხვა. ტბებიდან აღსანიშნავია წუნდა და სათახვე. მინერალური წყაროებია აბასთუმანში (ოცხე), ახალციხეში, ასპინძაში, ურაველში და სხვა.

ახალციხის ქვაბულში 1300-1400 მ სიმაღლემდე ტყის რუხ-ყავისფერ და ყავისფერ ნიადაგებზე ტყესტეპის ლანდშაფტია, ქვაბულის ფარგლებს გარეთ, 2000-2200 მ-მდე ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებულია მთის ტყის, უფრო ზემოთ - მთა-მდელოს ლანდშაფტი.

ლიტერატურა

რედაქტირება