(Translated by https://www.hiragana.jp/)
ბრიჯი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ბრიჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოთამაშის ბანქო და მაგიდა

ბრიჯი (ინგლ. Bridge) — აღებებზე ორიენტირებული ბანქოს თამაში, რომელიც დამოკიდებულია ოსტატობასა და იღბალზე (ამ კომპონენტების ფარდობითი მნიშვნელობა იცვლება თამაშის სხვადასხვა სახეობების მიხედვით). ბრიჯის თამაშში მონაწილეობს ოთხი მოთამაშე, რომელებიც შეადგენენ ორ წყვილს. სათამაშო მაგიდასთან პარტნიორები ერთმანეთის პირისპირ სხედან. თამაში შედგება ვაჭრობისაგან და გათამაშებისაგან, რის შემდეგაც ხდება დარიგებაში მიღწეული შედეგის დაანგარიშება.

ვაჭრობა სრულდება გარკვეული კონტრაქტით, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთი წყვილის პრეტენზიას, რომ მათი მხარე გააკეთებს აღებების მინიმუმ დეკლარირებულ ოდენობას მათ მიერ დეკლარირებული მასტის კოზირად გამოცხადებისას ან უკოზირო თამაშში. თავად გათამაშების წესები მსგავსია სხვა აღებებზე ორიენტირებული ბანქოს თამაშების წესებისა იმ განსხვავებით, რომ ვაჭრობის სტადიის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი მოთამაშის ხელი (კარტების ერთობლიობა) იხსნება და ღიად განთავსდება მაგიდაზე.

ბრიჯში ეწყობა სპორტული შეჯიბრებები, რა დროსაც ორი ან მეტი მაგიდა თამაშობს ერთი და იმავე დარიგებებით. თამაშის დამთავრების შემდეგ ხდება სხვადასხვა მაგიდებზე მიღწეული შედეგების შედარება. ბრიჯის ასეთ ფორმას სპორტული ბრიჯი ეწოდება. სპორტულ ბრიჯში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატები და ოლიმპიადები.

თამაშის მიმდინარეობა და წესები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიჯის სათამაშოდ საჭიროა მოთამაშეთა ორი წყვილი. ოთხი მოთამაშე განთავსდება მაგიდის ირგვლივ ისე, რომ პარტნიორები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩდნენ. მოთამაშეების აღსანიშნავად ხშირად გამოიყენება გეოგრაფიული მიმართულებები, ანუ ჩრდილოეთი და სამხრეთი შეადგენენ ერთ წყვილს, ხოლო აღმოსავლეთი და დასავლეთი მეორეს. ბრიჯის თამაშის სესია შედგება რამდენიმე დარიგებისაგან.

დარიგებაში ორივე წყვილის მიზანია დარიგებული კარტით შესაძლო მაქსიმალური შედეგის მიღწევა. დარიგების შედეგს განსაზღვრავს ორი ფაქტორი - კონტრაქტი (ანუ ვაჭრობის დროს წყვილის მიერ დეკლარირებული აღებების რაოდენობა) და გათამაშების დროს მიღწეული აღებების რაოდენობა. კონტრაქტის ცნება, რომელიც განასხვავებს ბრიჯს უფრო ადრინდელი ბანქოს თამაშებისგან გულისხმობს წყვილის მიერ ვაჭრობის დროს გაკეთებულ დეკლარაციას, რომ ისინი გააკეთებენ აღებების მინიმუმ გარკვეულ ოდენობას მათ მიერ კოზირად გამოცხადებულ მასტში ან უკოზირო თამაშში. კონტრაქტის აქვს დონე და დენომინაცია. დონე განსაზღვრავს აღებების რაოდენობას, რომელიც წყვილმა უნდა გააკეთოს (საბაზისო) ექვსი აღების დამატებით. ვინაიდან აღებათა მაქსიმალური ოდენობა 13-ის ტოლია, ასეთი წესი გულისხმობს, რომ თამაშის მსურველი წყვილის კონტრაქტი უნდა გულისხმობდეს ამ წყვილის მიერ ნახევარზე მეტი აღებების გაკეთების პრეტენზიას. შესაბამისად არსებობს კონტრაქტის შვიდი დონე, რომლებიც დანომრილია 1-7-მდე და შეესაბამება 7-13 აღების პრეტენზიას. კონტრაქტის დენომინაცია არსებობს 5 სახის, რომლებიც (უმდაბლესიდან უმაღლესისკენ) არის ჯვარი (♣), აგური (), გული (), ყვავი (♠) და უკოზიდოდ. ორ უმდაბლეს მასტს (♣ და ) მინორები ან მინორული მასტები ჰქვია, ხოლო ორ უმაღლეს მასტს ( და ♠) მაჟორები. მაგალითად, კონტრაქატი 3 არის წყვილის პრეტენზია, რომ გული იქნება კოზირული მასტი და ისინი აიღებენ 9-ს. მაშასადამე სულ არსებობს 7*5=35 შესაძლო საბაზისო კონტრაქტი, რომელთაგან 1♣ არის უმდაბლესი, ხოლო 7 უკოზიროდ უმაღლესი.

ვაჭრობის სტადიაზე წყვილები ეჯიბრებიან ერთმანეთს თუ ვინ გააკეთებს უფრო მაღალი კონტრაქტის შეთავაზებას. ის მხარე, რომელიც მოიგებს ვაჭრობას, ანუ გააკეთებს ყველაზე მაღალ საბოლოო განაცხადს, შემდგომ (გათამაშების) სტადიაზე ცდილობს გააკეთოს მინომუმ მის მიერ დეკლარირებული აღებების რაოდენობა. ფართო გაგებით შეიძლება ითქვას, რომ თამაშის მიზანია ვაჭრობის სტადიაზე ოტტიმალური კონტრაქტის დეკლარირება (შეკვეთა) და შემდეგ გათამაშების სტადიაზე აღებების მინიმუმ შეკვეთილი რაოდენობის მიღწევა. თუკი მხარე, რომელიც იგებს ვაჭრობას (გამთამაშებელი მხარე) აკეთებს აღებების შეკვეთილ რაოდენობას (ან მეტს), მაშინ ამბობენ, რომ ამ მხარემ კონტრაქტი შეასრულა და მას მიენიჭება ქულების გარკვეული რაოდენობა. თუ აღებების შეკვეთილი რაოდენობა მიღწეული ვერ იქნა, მაშინ ამბობენ, რომ კონტრქატი ვერ შესრულდა (ჩაჯდა) და მოწინააღმდეგე მხარეს (ვისტიორი მხარე) ეწერება ქულების გარკვეული ოდენობა.

ზოგჯერ შესაძლებელია, რომ წყვილი შეგნებულად უკვეთავს ისეთ მაღალ კონტრქატს, რომლის შესრულების იმედი და საშუალება მას არ აქვს. ასეთ დროს ამ მხარეს იმედი აქვს, რომ ქულები, რომელსაც მოწინააღმდეგე მიიღებს შეკვეთილი კონტრაქტის ჩასმაში უფრო ნაკლები იქნება იმ ქულებზე, რომელსაც მოწინააღმდეგე მიიღებდა მას რომ ოპტიმალური კონტრაქტი ეთამაშა.

ბრიჯს თამაშობენ სტანდარტული (ანგლო-ამერიკული) 52 კარტიანი შეკვრით. რობერულ ბრიჯში (რომელიც არ არის სპორტული ბრიჯის სახეობა) კარტს ურევენ ყოველი დარიგების წინ და ერთ-ერთი მოთამაშე, დამრიგებელი, არიგებს მას თითო-თითოს საათის ისრის მიმართულებით იწყებს რა მისი მარცხენა ოპონენტიდან. შედეგად ყველა მოთამაშეს ურიგდება 13 კარტი. სპორტულ ბრიჯში კარტის შეკვრის არევა და დარიგება ხდება სესიის განმავლობაში ერთხელ. თამაშის მიმდინარეობის დროს მოთამაშეები არ ისვრიან კარტს მაგიდის ცენტრში (როგორც ეს სხვა ბანქოს თამაშებშია მიღებული), არამედ დებენ კარტს თავის წინ და გადააბრუნებენ მას შესაბამისი აღების დასრულების შემდეგ. მიმართულება, რომლითაც დებენ გადაბრუნებულ კარტს კონკრეტული აღების დასრულების შემდეგ მიუთითებს რომელმა მხადემ მოიგო ეს აღება, რაც საშუალებას იძლევა დათვლილი იქნას ორივე მხარის მიერ გაკეთებული აღებების რაოდენობა დარიგების დასრულების შემდეგ. დარიგების დასრულების შემდეგ ყველა მოთამაშე ათავსებს მის კარტს სპეციალური გადასატანი დაფის (კოლოფის) შესაბამის ჯიბეში რომლის საშუალებითაც ხდება ამ დარიგების ტრანსპორტირება სხვა მაგიდებზე, რის შედეგადაც შეჯიბრის მონაწილე ყველა წყვლი თამაშობს ერთსა და იმავე დარიგებებს. შეჯიბრების ბოლოს ხდება სხვადასხვა მოთამაშეების მიერ ერთი და იმავე კარტით მიღწეული შედეგების შედარება. ასეთი მიდგომის შედეგად განსხვავებით ყველა სხვა ბანქოს თამაშისგან, ბრიჯში მოთამაშეების მიერ მიღწეული შედეგი არ არის დამოკიდებული იღბალზე და 'კარტის მოსვლაზე'. ასევე, ვინაიდან დარიგების შემდეგ არ ხდება კარტის არევა, რაიმე გაურკვევლობის შემთხვევაში შესაძლებელია თამაშის მიმდინარეობის აღდგენა და იმის დადგენა, თუ ვის მიერ რა იქნა ნათამაშები. ზოგიერთ შეჯიბრებაში დარიგებებს წინასწარ ამზადებენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთი და იგივე დარიგებები ერთდროულად უნდა იქნეს გამოყენებული სხვადასხვა ადგილას. ასეთ დროს გამოიყენება კომპიუტერიზებული დასარიგებელი მანქანები.

ვაჭრობა განსაზღვრავს გამთამაშებელ მხარეს და საბოლოო კონტრაქტს. ვაჭრობაში გამარჯვებული მხარის ერთ-ერთი მოთამაშე ხდება გამთამაშებელი, ხოლო წყვილის მეორე წევრი გათამაშების სტადიაზე თამაშში მონაწილეობას აღარ იღებს. დენომინაციისა და დონის განსაზღვრის გარდა, საბოლოო კონტრაქტი შეიძლება იყოს კონტრირებული (ოპონენტების მიერ) ან რეკონტრირებული (გამთამაშებელი მხარის მიერ, ოპონენტების კონტრის შემდეგ). ასეთ შემთხვევაში იზრდება პრემია როგორც კონტრაქტის რეალიზაციისთვის, ასევე ჯარიმა მისი ჩაჯენისთვის.

ვაჭრობის განმავლობაში ყველა მოთამაშე რიგ-რიგობით აკეთებს განაცხადს, რომელიც არის ერთ-ერთი შემდეგი სახის:

  • ნომინაციური განაცხადი (რომელიც მიუთითებს გარკვეულ დონესა და ნომინაციას, მაგალითად 4♣);
  • კონტრა (შეიძლება გაცხადებული იქნას წინა მოთამაშის ნომინაციური განაცხადის შემდეგ);
  • რეკონტრა (შეიძლება გაცხადებული იქნას წინა მოთამაშის კონტრის შემდეგ);
  • პასი (როდესაც მოთამაშეს არ აქვს სურვილი გააკეთოს რომელიმე ზემოთ აღწერილი ტიპის განაცხადი);

ვაჭრობას იწყებს დამრიგებელი, რის შემდეგაც თითოეული მოთამაშე მისი ხელის შეფასების შემდეგ რიგ-რიგობით აკეთებს განაცხადს საათის ისრის მიმართულებით. ვაჭრობა მთავრდება, როდესაც დამრიგებლის პირველი განაცხადის შემდეგ სამი მიმდევრობით მოთამაშე განაცხადებს პასს. თუ ოთხივე მოთამაშემ გაპასა ვაჭრობის პირველივე წრეზე გათამაშება არ ხდება (რობერულ ბრიჯში ასეთ დროს ანგარიში არ იცვლება და ხდება გადარიგება, ხოლო სპორტულ ბრიჯში ასეთ დარიგებაში ორივე წყვილს ეწერება 0 ქულა).

ნომინაციური განაცხადი მიუთითებს გარკვეულ დონესა და ნომინაციას და ფორმალურად გამოხატავს წყვილის სურვილს ითამაშოს განცხადებული კონტრაქტი. შემდეგი მოთამაშეების ნომინაციური განაცხადები უნდა იყოს საკმარისი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი შემდგომი განაცხადი უნდა იყოს უფრო მაღალი (დონით, ან ნომინაციით ერთი და იმავე დონის შემთხვევაში) ვიდრე წინა ნომინაციური განაცხადი. მაგალითად, 3 განაცხადის შემდეგ არ არის დასაშვები არც 2♠ არც 3♣ განაცხადი, მაგრამ დასაშვებია როგორც 3♠, ასევე 4 განაცხადი. განაცხადს, რომელიც წინა განაცხადთან შედარებით ერთ დონეს ან მეტს ტოვებს ნახტომი ჰქვია. მაგალითად 2♠ განაცხადი 1-ის შემდეგ წარმოადგენს ნახტომს, ხოლო 2 განაცხადი 1♠-ის შემდეგ ნახტომი არ არის.

კონტრა შეიძლება იქნას განცხადებული მხოლოდ წინა ოპონენტის ნომინაციური განაცხადის შემდეგ. კონტრის ბუნებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მოთამაშე დარწმუნებულია, რომ ნომინირებული კონტრაქტი რეალიზებული ვერ იქნება და შესაბამისად ზრდის შესაძლო ჯარიმას კონტრაქტის ჩაჯენის შემთხვევაში (იმის ფასად, რომ თუ კონტრაქტი მაინც იქნა რეალიზებული გათამაშებელი მხარე მეტ პრემიას მიიღებს). თუმცა, თანამედროვე ბრიჯში კონტრას უფრო ხშირად ხელოვნური (კონვენციური) ხასიათი აქვს და პარტნიორისთვის სპეციფიკური ინფორმაციის გადაცემისთვის გამოიყენება. განაცხადი რეკონტრა შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ოპონენტის კონტრის შემდეგ. რეკონტრის შემდეგ კიდევ უფრო იზრდება როგორც კონტრაქტის ჩასმისას ჯარიმის ოდენობა, ასევე კონტრაქტის რეალიზაციის პრემია. როგორც კონტრა, ასევე რეკონტრა ძალაშია მხოლოდ მომდევნო ნომინაციურ განაცხადამდე.

ვაჭრობის დათავრების შემდეგ ბოლო ნომინაციური განაცხადი (შესაძლოა კონტრით ან რეკონტრით) ხდება საბოლოო კონტრაქტი, და ამ კონტრაქტის დონე განსაზღვრავს თუ მინიმუმ რამდენი აღება უნდა გააკეთოს გამთამაშებელმა მხარემ კონტრაქტის რეალიზაციისთვის, ხოლო ნომინაცია ადგენს კოზირულ მასტს, ან განსაზღვრავს, რომ ამ დარიგებაში იქნება უკოზირო თამაში.

აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის ადრეულ სტადიაზე განაცხადების მიზანი როგორც წესი არის პარტნიორებს შორის ინფორმაციის გაცვლა და არა საბოლოო კონტრაქტის განსაზღვრა. უმეტესობა მოთამაშეებისთვის განაცხადების დიდი ნაწილის მიზანი არის არა საბოლოო კონტრაქტად ამა თუ იმ კონტრაქტის გამოცხადება, არამედ პარტნიორთან ინფორმაციის ეფექტიანი მიმოცვლა, რის შედეგადაც წყვილი უფრო მეტი სიზუსტით საზღვრავს ოპტიმალურ საბოლოო კონტრაქტს. პარტნიორებს შორის შეთანხმებების ერთობლიობას რომელიც ამა თუ იმ განაცხადია რეალურ მნიშვნელობას განსაზღვრავს ვაჭრობის სისტემა ეწოდება. ბრიჯის წესების მიხედვით წყვილი ვალდებულია სრულად გახადოს ხელმისაწვდომი ოპონენტებისთვის ინფორმაცია მისი ვაჭრობის სისტემის შესახებ. ნებისმიერ მოთამაშეს აქვს უფლება მისი გამაცხადის გაკეთებამდე შეეკითხოს მოწინააღმდეგეს და მიიღოს სრული ინფორმაცია მოწინააღმდეგის მიერ გაკეთებული განაცხადების რეალური მნიშვნელობის შესახებ.

მხარეს, რომელმაც ვერ გაიმარჯვა ვაჭრობაში ჰქვია ვისტიორი მხარე. ვაჭრობაში გამარჯვებული, გამთამაშებელი მხარე ვაჭრობის დასრულების შემდეგ იყოფა შემდეგნაირად: მოთამაშე, რომელმაც პირველმა დაასახელა საბოლოო კონტრაქტის ნომინაცია, ხდება გამთამაშებელი, ხოლო მისი პარტნიორი გათამაშების სტადიაზე თამაშში აღარ მონაწილეობს. მაგალითად, ვთქვათ ვაჭრობა განვითარდა შემდეგნაირად

დასავლეთი ჩრდილოეთი აღმოსავლეთი სამხრეთი
პასი 1 პასი 1♠
პასი 2 კონტრა 3♠
პასი 4♠ პასი პასი
პასი

აღმოსავლეთი და დასავლეთი გახდებიან ვისტიორები, სამხრეთი იქნება გამთამაშებელი (მან პირველმა ივაჭრა ♠), ხოლო ჩრდილოეთი გათამაშებაში მონაწილებას აღარ მიიღებს. კოზირი იქნება ♠ და კონტრაქტის შესასრულებლად გამთამაშებელმა უნდა აიღოს 10. ვინაიდან აღმოსავლეთის კონტრას 2-ზე მოყვა სხვა ნომინაციური განაცხადი (3♠), საბოლოო კონტრაქტი დაკონტრილი არ არის.

სავაჭრი ყუთები შეიცავენ სპეციალურ ბარათებს ყველა შესაძლო განაცხადისათვის. თუ თამაშის დროს გამოიყენება სავაჭრო ყუთები, მაშინ მოთამაშეები განაცხადებს აკეთებენ არა ვერბალურად, არამედ იღებენ სავაჭრო ყუთიდან შესაბამის ბარათს და დებენ მას მაგიდაზე. ასეთი მეთოდის გამოყენება გამორიცხავს ინტონაციის მეშვეობით არალეგალური ინფორმაციის გადაცემას პარტნიორებს შორის.

გათამაშება შედგება 13 აღებისაგან, რომელთაგან თითეულში ყოველი მოთამაშე დებს ერთ კარტს. კარტის იერარქია ბრიჯში სტანდარტულია, თითოეულ ფერში (მასტში) ყველაზე მაღალია ტუზი, შემდეგ ბაბუ, ქალი, ვალეტი, 10, 9 და ასე შემდეგ 2-მდე. აღებაში ნათამაშებ პირველ კარტს გამოსვლა ჰქვია. გამოსვლის შემდეგ ყველა ხელი თამაშობს თითო კარტს საათის ისრის მიმართულებით. გამოსვლისთვის მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი კარტი, მაგრამ მომდევნო მოთამაშეები ვალდებული არიან ითამაშონ ფერში (მასტში) რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა ითამაშონ ან აღებაში გამოსვლის იდენტური მასტის კარტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთამაშეს არ ჰყავს არც ერთი კარტი გამოსვლის მასტში. ამ დროს მოთამაშეს შეუძლია ამ აღებაში ითამაშოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი კარტი. ხელი, რომელიც ითამაშებს ფერში ყველაზე მაღალი კარტით იგებს აღებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღებაში ნათამაშევია აგრეთვე კოზირის მასტის კარტი(ები). ამ უკანასკნელ შემთხვევაში აღებას იგებს ის მოთამაშე, რომელმაც ყველაზე მაღალი კოზირის კარტით ითამაშა. ხელი, რომელმაც მოიგო აღება აკეთებს გამოსვლას შემდეგ აღებაში.

პირველ სვლას ვაჭრობის შემდეგ, რომელსაც პირველი გამოსვლა ჰქვია აკეთებს ის ვისტიორი, რომელიც გამთამაშებლის მარცხნივაა განლაგებული. ამის შემდეგ პამთამაშებლის პარტნიორი აწყობს თავის ხელს მაგიდაზე მასტების მიხედვით ოთხ სვეტად და შემდგომ გათამაშებაში აღარ მონაწილეობს. ამის შემდეგ მის ხელს განკარგავს გამთამაშებელი, რომელიც ირჩევს რა კარტით ითამაშოს მაგიდიდან როდესაც მაგიდაზე გამთავსებული ხელის თამაშის ჯერია.

საბოლოო კონტრაქტის დონე განსაზღვრავს გამთამაშებლის მიზანს კონკრეტულ დარიგებაში. ზემოთ მოყვანილ მაგალითში გამთამაშებელმა უნდა გააკეთოს 10 აღება რათა შეასრულოს კონტრაქტი. კონტრაქტის შესრულების შემთხვევაში გამთამაშებელი მხარე მიიღებს ქულებს კონტრაქტის რეალიზაციისთვის, ხოლო მისი ჩაჯენის შემთხვევაში ვისტიორი მხარე მიიღებს ქულებს.

დარიგების შედეგის დათვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშის დროს ორივე წყვლის მიზანია მიიღოს რაც შეიძლება დიდი შეფასება. თუ კონტრაქტი შერულდა, მაშინ მისი რეალიზაციისთვის პრემიის ოდენობას ძირითადად განსაზღვრავს საბოლოო (შეკვეთილი) კონტრაქტის დონე (და არა რეალურად აღებების რაოდენობა). მაგალითად, თუ გამთამაშებელმა უკოზირო კონტრაქტში 13-ვე აიღო, მისი შედეგი ძალიან განსხვავებული იქნება იმის მიხედვით შეუკვეთა მან 1 უკოზიროდ თუ 7 უკოზიროდ. ასეთი წესი აძლიერებს შეჯიბრებითობას ვაჭრობაში - იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთ-ერთ წყვილს გაცილებით ძლიერი კარტი უჭირავს, და ოპონენტები ვაჭრობაში არ ერევიან (ანუ სულ პასავენ), წყვილი მაინც ცდილობს შეუკვეთოს შესაძლო მაღალი საბოლოო კონტრაქტი, რათა მისი რეალიზაციისთვის რაც შეიძლება დიდი პრემია მიიღოს. ეს კი თავის მხრივ ართულებს მიღწეული მაღალი საბოლოო კონტრაქტის რეალიზაციას.

როდესაც გამთამაშებელი ასრულებს კონტრაქტს მისი მხარის მიერ მიღებული ქულები არის შემდეგი კომპონენტების ჯამი

  • ყველა აღება, რომელიც იყო ნავაჭრი და აღებული (მინორულ კონტრაქტებში თითო აღებაზე იწერება 20 ქულა, ხოლო მაჟორულსა და უკოზიროში 30 ქულა. უკოზირო კონტრაქტში 1 აღებაზე ირიცხება დამატებითი 10 ქულა);
  • ყოველი ზედმეტი აღება (აღება გაკეთებული საბოლოო კონტრაქტის ზემოთ), კვლავ 20 ქულა მონორულ კონტრაქტში და 30 ქულა მაჟორში ან უკოზიროში;
  • პრემია კონტრაქტის დონისთვის;
  • სხვა სპეციფიკური პრემიები.

როდესაც გამთამაშებელი ვერ ასრულებს კონტრაქტს, ვისტიორი მხარე იღებს ქულებს იმ აღებებისთვის, რომელიც გამთამაშებელს დააკლდა კონტრაქტის შესრულებამდე.

კონტრაქტის შესრულებისთვის პრემიების სტრუქურა შემდეგნაირია: გამოყოფენ გეიმურ კონტრაქტებს რომლებიც განისაზღვრება, როგორც კონტრაქტი, რომლის შეკვეთილი აღებებში მინიჭებული ქულების ოდენობა 100-ზე მეტია. შესაბამისად გეიმის დომე იცვლება მასტის მიხედვით. უკოზირო თამაშისათვის გეიმის დონე არის 3 (9 აღება, 3*30+10=100), მაჟორებისთვის გეიმის დონე არის 4 (10 აღება, 4*30=120), ხოლო მინორულ მასტებში თამაშის დროს გეიმის დონე არის 5 (11 აღება, 5*20=100). იმის გამო, რომ გეიმის პრემია დიდია, ვაჭრობის საწყისი ეტაპის ძირითადი მიზანი როგორც წესი იმს დადგენაა, შესაძლებელია თუ არა გეიმის თამაში. შემდგომი პრემიები ირიცხება მცირე შლემის (ნებისმიერი 6 დონის კონტრაქტი, ანუ 12 აღება) შეკვეთისა და შესრულებისთვის და დიდი შლემის (ნებისმიერი 7 დონის კონტრაქტი, ანუ 13 აღება) შეკვეთისა და შესრულებისთვის. კონტრატებს, რომლებიც გეიმის დონეზე დაბლა არიან დაბალი კონტრაქტი ეწოდებათ.

ბრიჯში მნიშვნელოვანია ასევე ზონალობის ცნება რომელიც დიდ გავლენას ახდენს ვაჭრობისა და გათამაშების ტაქტიკაზე. თამაშის დროს წყვილი იმყოფება ან ზონაში ან ზონის გარეთ. როდესაც წყვილი ზონაშია, გეიმისა და შლემის პრემიები უფრო დიდია, მაგრამ ასევე უფრო დიდია ჩაჯდომის დროს მოწინააღმდეგის მიერ მიღებული პრემიის ოდენობა. ზონალობის განსაზღვრის წესები სხვადასხვაა რობერულ და სპორტულ ბრიჯში.

პრემიების დარიცხვის სისტემა ბრიჯში ასეთია: შესრულებული დაბალი კონტრაქტისტვის (ზემოთ მოყვანილი ქულების დამატებით) წყვილი იღებს პრემიას 50 ქულის ოდენობით. ანუ კონტრაქტისასთვის 3 სულ ირცხება შემდეგი ქულები: 3*20 + 50 =110 ქულა. კონტრაქტისთვის 3 კი 3*30 + 50 =140 ქულა.

გეიმური კონტრაქტის შესრულებისას 50 ქულიანი პრემიის ნაცვლად პრემია შეადგენს 300 ქულას ზონის გარეთ და 500 ქულას ზონაში. ამუ თუ შესრულებული იქნა კონტრაქტი 4♠ ზონაში, მაშინ წყვილს დაერიცხება 4*30 + 500 = 620 ქულა. თუ ზნის გარეთ შეკვეთილი იქნა კონტრაქტი 4 და აღებული იქნა 11 (ანუ შესრულებული იქნა 5), მაშინ წყვილს დაერიცხება 4*30 (შეკცეთილი აღებებისთვის) + 30 (ერთი დამატებითი აღებისთვის) + 300 (პრემია ზონის გარეთ გეიმის შესრულებისთვის) = 450 ქულას.

მცირე შლემის შეკვეთისა და შესრულებისთვის გეიმის პრემიის გარდა წყვილი იღებს მცირე შლემის პრემიას ზონის გარეთ 500, ხოლო ზონაში 750 ქულის ოდენობით. მაგალითად, თუ შეკვეთილი და შესრულებული იქნა კონტრაქტი 6♣ ზონის გარეთ, მაშინ წყვლი მიიღებს 6*20 (აღებებისთვის) + 300 (პრემია გეიმისთვის) + 500 (პრემია მცირე შლემისთვის) =920 ქულას.

დიდი შლემის შეკვეთისა და შესრულებისთვის გეიმის პრემიის გარდა წყვილი იღებს დიდი შლემის პრემიას ზონის გარეთ 1000, ხოლო ზონაში 1500 ქულის ოდენობით. მაგალითად, თუ შეკვეთილი და შესრულებული იქნა კონტრაქტი 7 ზონაში, მაშინ წყვლი მიიღებს 7*30 (აღებებისთვის) + 500 (პრემია გეიმისთვის) + 1500 (პრემია დიდი შლემისთვის) =2210 ქულას.

თუ კონტრაქტი შესრულებული იქნა კონტრაზე, მაშინ აღებებისთვის მინიჭებული ქულები ორმაგდება (ანუ, მაგალითად მინორის შეკვეთილი აღებაზე დაირიცხება არა 20, არამედ 40 ქულა თითოეულზე), და გარდა ამისა გამთამაშებელი მხარე დამატებით იღებს 100 ქულიან პრემიას, ნაცვლად მცირე კონტრაქტის 50 ქულიანი პრემიისა. ანუ 2♣-ს შესრულება კონტრაზე ნაცვლად 90 ქულისა, მოიტანს 2*2*20 + 100 = 180 ქულას. თუ კონტრირებული კონტრაქტი შესრულდა დამატებითი აღებებით, მაშინ ყოველ დამატებით აღებაზე წყვილს ერიცხება 100 ქულა ზონის გარეთ და 200 ქულა ზონაში. მაგალითად, ზონაში 2-ის შეკვეთა კონტრაზე და 9-ის აღებისას წყვილს ეწერება 2*2*20 + 100 + 200 (ზედმეტი აღებისთვის) = 380 ქულა.

თუ კონტრაქტი შესრულებული იქნა რეკონტრაზე, მაშინ აღებებისთვის მინიჭებული ქულები ოთხმაგდება (ანუ, მაგალითად მინორის შეკვეთილი აღებაზე დაირიცხება არა 20, არამედ 80 ქულა თითოეულზე), და გარდა ამისა გამთამაშებელი მხარე დამატებით იღებს 200 ქულიან პრემიას, ნაცვლად მცირე კონტრაქტის 50 ქულიანი პრემიისა. ანუ 1♣-ს შესრულება რეკონტრაზე ნაცვლად 90 ქულისა, მოიტანს 1*4*20 + 200 = 280 ქულას. თუ რეკონტრირებული კონტრაქტი შესრულდა დამატებითი აღებებით, მაშინ ყოველ დამატებით აღებაზე წყვილს ერიცხება 200 ქულა ზონის გარეთ და 400 ქულა ზონაში. მაგალითად, ზონაში 1-ის შეკვეთა კონტრაზე და 9-ის აღებისას წყვილს ეწერება 1*4*20 + 200 (რეკონტრირებული კონტრაქტის შესრულებისთვის) + 2*400 (2 ზედმეტი აღებისთვის) = 1080 ქულა.

კონტრის გარეშე კონტრაქტის ჩაჯენის შემთხვევაში ვისტიორ მხარეს ეწერება ზონის გაეთ 50, ხოლო ზონაში 100 ქულა ყოველ დაკლებულ აღებაზე. მაგალითად თუ შეკვეთილი იქნა 5 ზონაში, ხოლო გამთამაშებელმა წაიღო 7, მაშინ ვისტიორ მხარეს დაეწერება 4(სხვაობა შეკვეთილ, 11 და რეალურ 7 აღებას შორის)*100 =300 ქულა. თუ კონტრაქტი ჩაჯდა კონტრაზე, მაშინ ვისტიორ მხარეს ეწერება ზონაში: 100 ქულა პირველ დაკლებულ, 200 ქულა მეორე და მესამე დაკლებულ და 300 ქულა ყოველ შემდგომ დაკლებულ აღებაზე, ხოლო ზონაში: 200 ქულა პირველ დაკლებულ, 300 ქულა მეორე და მესამე დაკლებულ და 400 ქულა ყოველ შემდგომ დაკლებულ აღებაზე. მაგალითად თუ შეკვეთილი იქნა 4 ზონაში კონტრაზე, ხოლო აღებული იქნა 8, მაშინ ვისტიორ მხარეს დაეწერება 200 (პირველ დაკლებულ აღებაზე) + 400 (მეორე დაკლებულ აღებაზე) = 600 ქულა. რეკონტრაზე კონტრაქტის ჩაჯენის შემთხვევაში ვისტიორების ქულები ორმაგდება კონტრირებულ კონტრაქტში ჩაჯენასთან შედარებით.

ბრიჯის წესებს ადგენს და მასში ცვლილებები შეაქვს ბრიჯის მსოფლიო ფერედეციას. წესების ბოლო გამოცემა (2007) 93 მუხლისგან შედგება.

ბრიჯის წარმოშობის ზუსტი ისტორია უცნობია. სავარაუდოდ იგი წარმოიშვა ძველებური ბანქოს თამაშის, ვისტის განვითარების შედეგად.

შეჯიბრებები ბრიჯში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიჯი არის ოსტატობაზე დამოკიდებული თამაში, რომელსაც თამაშობენ შემთხვევითად დარიგებული კარტებით. ეს უკანასკნელი გარემოება აქცევს მას აგრეთვე იღბალზე დამოკიდებულ თამაშად. ბრიჯის შეჯიბრებებში იღბალის ელემენტის გამორიცხვა ხდება სხვადასხვა წყვილების მიერ ერთსა და იმავე დარიგებებში მიღწეული შედეგების შედარების მეშვეობით. ეს მოღწევადია როდესაც არსებობს 8 ან მეტი მოთამაშე (2 ან მეტი მაგიდა), რაც საშუალებას იძლევა ერთ მაგიდაზე ნათამაშები დარიგება ნათამაშები იქნას მეორე მაგიდაზე, ხოლო მიღებული შედეგები ერთმანეთს შედარდეს. ბრიჯის ასეთ ფორმას, რომელიც არ არის დამოკიდებული იღბალზე სპორტული ბრიჯი ეწოდება. სპორტული ბრიჯის შეჯიბრების დასრულების შემდეგ ხდება ერთსა და იმავე დარიგებაში სხვადასხვა წყვილების მიერ მიღწეული შედეგების შედარება, რის საფუძველზეც ხდება გამარჯვებულის გამოვლენა.

შეჯიბრებები სპორტულ ბრიჯში იმერთება სხვადასხვა კლუბებსა და საერთაშორისო ტურნირებში, რომლებშიც ხშირად ერთდროულად ასეულობით სპორტსმენი მონაწილეობს. ბრიჯი და ჭადრაკი სპორტის ერთადერთი ინტელექტუალური სახეობებია, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

ბრიჯის საერთაშორისო შეჯიბრებების დროს ხშირად გამოიყენება სავაჭრო ყუთები და სავაჭრო ეკრანები.

გამთამაშებლის ტექნიკური ილეთები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვისტიორების ტექნიკური ილეთები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს რამდენიმე უფასო და ფასიანი სერვერი, რომელიც მომხმარებელს თვაზობს ბრიჯის თამაშს ინტერნეტში. მათ შორის ყველაზე პოპულარული და ცნობილი არის Bridge Base Online (უფასო) და OKBridge (ფასიანი). ბრიჯის სათამაშო პორტალები აქვს Yahoo!-ს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]