(Translated by https://www.hiragana.jp/)
ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი) - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანანური.
სოფელი
ანანური

ანანური XIX საუკუნის მეორე ნახევარში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ანანური
კოორდინატები 42°10′20″ ჩ. გ. 44°41′40″ ა. გ. / 42.17222° ჩ. გ. 44.69444° ა. გ. / 42.17222; 44.69444
ცენტრის სიმაღლე 900
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 336[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

ანანური[2]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ანანური, ავენისი, ბანცურთკარი, დგნალი, ზოტიკიანთკარი, თანდილაანთკარი, პავლეური, ფხუნდავი, შალიკიანთკარი, ცივწყარო, ციხისძირი, ციხისსოფელი, ჭივილაანები).[1] მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 900 მეტრზე. თბილისიდან დაშორებულია 66 კილომეტრით, დუშეთიდან კი 23 კილომეტრით.

ანანურს ხელსაყრელი გეოგრაფიული და სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა. აქ თავს იყრიდა ჩრდილოეთიდან თერგისა და არაგვის ხეობებით, ხოლო სამხრეთიდან შიდა ქართლიდან მომავალი მთავარი გზები. სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ ანანური ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. XVII-XVIII საუკუნეებში არაგვის ერისთავებმა განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწიეს. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და გაძლიერებაც. 1743 წელს მეფე თეიმურაზ II-მ საერისთავო გააუქმა და ანანური მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობამ განაპირობა ანანურში ვაჭრობის განვითარება. აქ სამეფო საბაჟოც ყოფილა. განვითარებული იყო მეჭურჭლეობა, მაუდის წარმოება. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აქ იყო სამეფო სამღებრო. 1786 წელს ანანური დაღესტნის ხანმა ომარმა ააოხრა. ამ დროს იგი მცირე ქალაქი იყო და იქ 100 კომლი ცხოვრობდა.

1803-1821 წლებში ანანური სამაზრო ცენტრი იყო, თუმცა ქალაქის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული, 1811 წელს ის შტატგარეშე ქალაქად იხსენიება[3].1802 წლის 6 აპრილს მიტროპოლიტი იოანე ანანურში შეეგება წმ. ნინოს ჯვარს, რომელიც ვახტანგ VI-ს ჰქონდა წაღებული რუსეთში და მეფე ალექსანდრე I-მა დაუბრუნა საქართველოს. ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის მთელი სიმძიმე საქართველოს სამხედრო გზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას დააწვა. ერევანზე სალაშქროდ წამოსულმა გენერალმა ციციანოვმა 1804 წელს ჯარი ჩაუყენა მოსახლეობას და სტეფანწმინდა-ანანურის გზის მონაკვეთი იძულებით გაასუფთავებინა. შრომის მძიმე პირობების გამო 23 კაცი დაიღუპა, რასაც მოჰყვა მაზრის აჯანყება. 1812 წელს კახეთის გლეხთა აჯანყებას ანანურის მაზრის გლეხობაც შეუერთდა, რის გამოც რუსმა კოლონიზატორებმა ანანური გადაწვეს.

საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 336 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი
1770 500[4]
2002[5] 508 230 278
2014[1] 336 170 166
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
  3. Кавказский календарь на 1845 годъ
  4. ჯავახიშვილი ივ., ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN 978-99940-28-60-3.
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.