გეოსინკლინი
გეოსინკლინი (ბერძნ. gē — მიწა, დედამიწა და სინკლინი) — დედამიწის ქერქის გრძელი, შედარებით ვიწრო და ღრმა ხაზობრივი როფი, რომლის ფარგლებში მძლავრი ნალექდაგროვება მიმდინარეობს. გეოსინკლინის ადგილას ინვერსიის პროცესში წარმოიქმნება ნაოჭა მთათა სისტემა.[1]
არსებითად, გეოსინკლინი XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში შემუშავებულ, ოროგენის ამხსნელ გეოლოგიურ კონცეფციას წარმოადგენს, რომელიც ფილების ტექტონიკის თეორიის შექმნამდე იყო გაბატონებული. გეოსინკლინი აღიწერებოდა, როგორც დედამიწის ქერქში არსებული ვეებერთელა ამოზნექილი ნაოჭი და თანმხლები ჩაზნექილი ნაოჭი, — გეოანტიკლინი, რომელიც წინ უძღოდა ოროგენული დეფორმაციის კულმინაციის ფაზას. გეოსინკლინური კონცეფცია პირველად შეიმუშავეს ამერიკელმა გეოლოგებმა ჯეიმზ ჰოლმა და ჯეიმზ დენამ XIX საუკუნის შუა ხანებში აპალაჩების კლასიკური შესწავლის დროს.[2][3]
ჯეიმზ ჰოლი გეოსინკლინის წარმოქმნას უკავშირებდა დაგროვებული ნალექების სიმძიმით დაძირვას. დენა ფიქრობდა, რომ გეოსინკლინის წარმოშობა კონტინენტური და ოკეანური უბნების ურთიერთმოქმედებით გამოწვეული კონტინენტის კიდეებზე დედამიწის ქერქის ტანგენციალური შეკუმშვის შედეგია. შემდგომში გეოსინკლინი ესმოდათ, როგორც ძლიერ მობილური უბანი, მნიშვნელოვანი დანაწევრებულობითა და ლითოსფეროს მომატებული შეღწევადობით, რომელსაც თავისი განვითარების ადრეულ ეტაპზე ახასიათებდა ინტენსიური დაძირვა და მძლავრი ნალექდაგროვება, ხოლო ბოლო ეტაპზე — აზევება, ნაოჭა-შეცოცებითი დეფორმაცია და მეტამორფიზმი. მიიჩნეოდა, რომ გეოსინკლინის ადგილას მთაგრეხილებისა და ნაოჭების წარმოქმნა მიმდინარეობს დედამიწის კონტრაქციით გამოწვეული გვერდითი წნევის შედეგად, რომ მთათწარმოშობის სტადიის შემდეგ, გეოსინკლინი ისპობა და ხდება დედამიწის ქერქის კონსოლიდირებული უბნების წაზრდა.[4]
გუსტავ ემილ ოგმა განავითარა გეოსინკლინური კონცეფცია და მისი წყალობით იგი ევროპაში გავრცელდა 1900 წელს. თავისი დროის წამყვანი გეოლოგი ედუარდ ზიუსი გმობდა გეოსინკლინურ კონცეფციას, ხოლო 1909 წელს არგუმენტირებულად ეწინააღმდეგებოდა მოძველებულ თეორიებთან კავშირის გამო მის გამოყენებას. ამან ხელი ვერ შეუშალა ლეოპოლდ კობერსა და ჰანს შტილეს XX საუკუნის პირველ ნახევარში განევითარებინათ კონცეფია და ემუშავათ დედამიწის კონტრაქციაზე.[2]
ედუარდ ზიუსმა 1875 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ალპების წარმოშობა“, სადაც იგი კონტრაქციის ჰიპოთეზის საფუძველზე ავითარებდა შეხედულებას მთების წარმოქმნისა და დანაოჭების შესახებ. იგივე წარმოდგენები ფიგურირებს მის მთავარ ნაშრომში „დედამიწის სახე“ (1885–1909). შემდეგ, სხვა სკოლას სათავეში ჩაუდგნენ ალფრედ ვეგენერი და ემილ არგანი, რომელთა კონკურენტული ხედვა უარყოფდა პლანეტარული კონტრაქციის წინაპირობას და ოროგენს არგუმენტირებულად განიხილავდა როგორც კონტინენტური დრეიფის შედეგს. გეოსინკლინური თეორიის შემთხვევაში ამას ფიქსიზმი ეწოდა, ხოლო კონტინენტური დრეიფის შემთხვევაში მობილიზმი.[2]
დენა და შტილე ფიქრობდნენ, რომ ოროგენების შიგნით გეოსინკლინების კოლაფსი დროთა განმავლობაში დედამიწის კონტრაქციის შედეგია. შტილესა და კობერის აზრით, გეოსინკლინები და ოროგენები ძალიან სტაბილურ კრატოგენებთან შედარებით, დედამიწის ქერქის არამდგრადი უბნებია. შტილეს თეორიით, კონტრაქციული ძალები გეოსინკლინების პასუხისმგებელია და აგრეთვე ეპეიროგენული აზევების წარმომქმნელი, რაც დედამიწის ქერქის უნდულაციური პატერნის შედეგია. ამ აზრის თანახმად, რეგულარულმა და ეპიზოდურმა ბრუნვამ გამოიწვია გეოსინკლინების კოლაფსი, რასაც თან სდევდა ოროგენების წარმოშობა. კობერისა და შტილეს თანახმად, გეოსინკლინური დეპრესიების განვითარება გეოანტიკლინების აზევების თანმხლები იყო, რომელმაც შემდეგ ეროზია და ნალექდაგროვება განიცადა, რის შედეგადაც ამოივსო გეოსინკლინური აუზი. შტილეს მიხედვით, გეოსინკლინი ჩამოყალიბდა არა რღვევის, არამედ ქერქული დანაოჭების შედეგად; თუკი რღვევა გეოსინკლინში იყო წარმოდგენილი, ის იქნებოდა გვიანდელი პროცესების პროდუქტი, ისევე როგორც გეოსინკლინის საბოლოო კოლაფსი. გერმანელმა გეოლოგმა და პალეონტოლოგმა გუსტავ შტაინმანმა ოფიოლითების იტერპრეტირებისას გამოიყენება გეოსინკლინური კონცეფცია.[2]
გეოსინკლინური კონცეფცია გეოლოგიურ მეცნიერებაში მაშინაც კი შენარჩუნდა, როდესაც კონტინენტური დრეიფი საყოველთაოდ გახდა აღიარებული. 1970 წელს ჯონ ფრედერიკ დიუისა და ჯო ბირდის წყალობით გეოსინკლინმა ადაპტირება განიცადა ფილების ტექტონიკასთან. ტერმინი გამოიყენებოდა ფილების ტექტონიკის ფარგლებში 1980-ან წლებში, თუმცა 1982 წელს ჯელალ შენგიორი დისკრედიტირებულ გეოლოგიურ იდეებთან კავშირის გამო მისი გამოყენების არგუმენტირებული მოწინააღმდეგე გახდა.[2] გეოსინკლინი 70 წლის განმავლობაში იყო წამყვანი ტექტონიკური კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავდა გეოლოგიური მეცნიერების განვითარებას.[4]
1960-ან წლებში ტრადიციული წარმოდგენა გეოსინკლინზე წინააღმდეგობაში შევიდა გეოლოგიის ახალი პარადიგმის თეორიულ მდგომარეობასთან — ფილების ტექტონიკასთან, აგრეთვე ლითოსფეროს ტექტონიკური განშრევების წარმოდგენებთან. XX საუკუნის ბოლოდან და XXI საუკუნის დასაწყისიდან ტერმინი გეოსინკლინი სულ უფრო ხშირად გამოიყენება როგორც განსაზღვრული მორფოლოგიისა და განვითარების ხასიათის პალეოტექტონიკური სტრუქტურების აღსანიშნავი თავისუფალი ხმარების ტერმინი. ამასთან გეოსინკლინი, შეიძლება შეესაბამებოდეს ტექტონიკური სტრუქტურების სხვადასხვაგვარ ტიპს: პალეო-ოკეანეებს ან მის ნაწილებს, ღრმა ზღვის ღარებს, პასიური კონტინენტური კიდეების შელფებსა და სხვა. გერმანელმა გეოლოგმა ჰანს შტილემ გამოყო: ევგეოსინკლინი — მეტად მობილური, მაღალი ვულკანური აქტივობის მქონე და მიოგეოსინკლინი — შედარებით ნაკლებმოძრავი, სუსტი ვულკანური აქტივობის მქონე ტიპი.[4]
გეოსინკლინის კონცეფცია შემოიღო ამერიკელმა გეოლოგმა ჯეიმზ ჰოლმა 1859 წელს. თანამედროვე გეოლოგების უმეტესი ნაწილი კონცეფციის მოძველებულობაზე საუბრობს და ხაზობრივი როფების განვითარებას, დიდწილად, ფილების ტექტონიკის თვალსაზრისით ხსნის; თუმცა ტერმინი გეოსინკლინი მაინც დარჩა ხმარებაში.[1]
რუსეთში გაგება გეოსინკლინებზე შემოიღო XX საუკუნის დასაწყისში ფრანც ლევინსონ-ლესინგმა, ხოლო ალექსეი ბორისიაკმა და ნიკოლაი სტრახოვმა გამოააშკარავეს ამ გაგების არსი.[5] ანდრია არხანგელსკიმ, ნიკოლოზ შატსკიმ, მიხეილ მურატოვმა, ვიქტორ ხაინმა და სხვებმა განავითარეს მოძღვრება გეოსინკლინზე. მათვე შემოიღეს ტერმინები გეოსინკლინური არე, გეოსინკლინური სარტყელი, გეოსინკლინური სისტემა, ინტრაგეოანტიკლინი, ინტრაგეოსინკლინი.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ალექსანდრე ჯანელიძე აღნიშნავდა, რომ „გეოსინკლინები ქედების აკვანია“.[6]
გეოსინკლინებში დანალექი ქანების სიმძლავრე 15 კმ-მდეა, რომელთა სიმძიმისგან ფსკერის თანდათანობითი დაძირვის ჰიპოთეზა ოგმა წარმოადგინა. გეოსინკლინურ ნაოჭა მთიანეთებს მიეკუთვნება ურალის, საიანების, ბაიკალის, კამჩატკის, სახალინის, პირენეების, აპენინების, ბალკანეთის, ალპების, კარპატების, ყირიმის, კავკასიონის, ტიან-შანის, ჰიმალაის, ანდების, კორდილიერების მთები. უძველესი დანაოჭება კალედონური დანაოჭების სახელწოდებითაა ცნობილი (სილურული სისტემა), უფრო გვიან (დევონ-კარბონი) ჰერცინულ დანაოჭებას ჰქონდა ადგილი, ხოლო მესამე — ალპური, რომელიც ტრიასულ-ცარცულსა და მესამეულში დაიწყო, დღესაც არ დამთავრებულა.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 The Editors of Encyclopaedia Britannica. Geosyncline. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 2023-03-25.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Şengör, Celâl (1982). „Classical theories of orogenesis“, Orogeny. John Wiley & Sons. ISBN 0-471-103764.
- ↑ Adolph Knopf, The Geosynclinal Theory, Bulletin of the Geological Society of America. 59:649-670, July 1948
- ↑ 4.0 4.1 4.2 Рябухин, Анатолий Георгиевич. Геосинклиналь. Большая российская энциклопедия. ციტირების თარიღი: 2023-03-25.
- ↑ Ковалев, С. Г. (2010) Основы исторической геологии, Мустафин, С. К., Уфа: РАН Институт УНЦ, გვ. 7.
- ↑ 6.0 6.1 ავტორთა კოლექტივი (2013) ზოგადი დედამიწისმცოდნეობა : (სალექციო კურსი). თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, გვ. 92–93. ISBN 9789941132872.