(Translated by https://www.hiragana.jp/)
ზაქი ალ-არსუზი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ზაქი ალ-არსუზი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაქი  ალ-არსუზი
არაბ. زكي نجيب إبراهيم الأرسوزي
დაბადების თარიღი 1900 ან 1908
ლატაკია ან ალექსანდრეტა ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1968
დამასკო, სირია
მოქალაქეობა სირიის დროშა სირია
განათლება სორბონა
პროფესია პოლიტიკოსი, მწერალი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი
პარტია ბაასი (1947-1968)
რელიგია ისლამი

ზაქი ნაჯიბ იბრაჰიმ ალ-არსუზი (არაბ.زكي نجيب إبراهيم الأرسوزي  1900-1968) — სირიელი პოლიტიკოსი, მწერალი, არაბული ნაციონალიზმის თეორეტიკოსი, ბაასის პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი იდეოლოგი.

ინფორმაცია ზაქი  ალ-არსუზის  ცხოვრების ადრეული ეტაპის შესახებ წინააღმდეგობრივია. როგორც მისი დაბადების თარიღი და ადგილი, ყველაზე ხშირად მითითებულია 1900 ან 1901, ლატაკია, თუმცა, ზოგიერთი წყარო დაბადების თარიღად მიუთითებს 1908 წელს, ხოლო დაბადების ადგილად—ისკანდერუნის პროვინციას თურქეთში. მისი დედა - მარიამი ცნობილი რელიგიური ოჯახიდან იყო, მამა—ნაჯიბი  იურისტი გახლდათ, ასევე იყო ერთ -ერთი იატაკქვეშა არაბული პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი, რომელიც დაარსდა ახალგაზრდა თურქების მმართველობის დროს. 1915 წელს იგი დააპატიმრეს და გაასამართლეს პოლიტიკური საქმიანობისათვის.[1] თავად ზაქი ალ-არსუზის თქმით, ამ მომენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მისი ნაციონალისტური იდეების ჩამოყალიბებაში.  საბოლოოდ ნაჯიბ ალ- არსუზი  ცენტრალურ ანატოლიაში ქალაქ კონიაში გადაასახლეს. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, ოჯახს მიეცა საშუალება დაბრუნებულიყო ანტიოქიაში. პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე, ზაქი ალ-არსუზმა დაიწყო სწავლა ბეირუთის ერთ-ერთ ინსტიტუტში, სადაც შეისწავლა ფრანგული ენა და ფილოსოფია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ის დაბრუნდა ანტიოქიაში და სკოლაში დაიწყო  მუშაობა მათემატიკის მასწავლებლად. 1924-1926 წლებში იგი ხელმძღვანელობდა არსუზის საგანმანათლებლო ოლქს (ალექსანდრეტას სამხრეთით). 1927-1930 წლებში სწავლობდა ფილოსოფიას სორბონში. პარიზში ალ-არსუზი დეტალურად გაეცნო დასავლური ფილოსოფიის მიღწევებს და, კერძოდ, ნაციონალიზმის იდეებს. როგორც აღნიშნავდნენ, მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ფიხტესა და ანრი ბერგსონის ნამუშევრებმა. მიუხედავად ამისა,  ალ-არსუზს არ აუღია სორბონის დიპლომი. 1930 წლის გაზაფხულზე იგი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო ანტიოქიაში, რათა  ადგილობრივ განათლების სისტემაში ერთ-ერთი თანამდებობა დაეკავებინა. [2][3][4]

პოლიტიკური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1933 წელს ალ-არსუზი შეუერთდა ეროვნული მოქმედების ლიგას (عصبة العمل القومى), რომელიც შეიქმნა იმავე წელს (სხვა წყაროების თანახმად, იგი გახლდათ ლიგის ერთ-ერთი უშუალო დამაარსებელი). ეროვნული მოქმედების ლიგის სხვა წევრებიც ძირითადად ის ახალგაზრდები იყვნენ, რომელთაც მიიღეს დასავლური ყაიდის უმაღლესი განათლება (ყველაზე ხშირად ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტში ან სორბონში) და ასევე მიდრეკილნი იყვნენ არაბული ნაციონალიზმის იდეებისკენ. ორგანიზაციის მთავარი მიზანი გახლდათ  არაბული ქვეყნების განთავისუფლება დასავლეთის ძალების კონტროლისგან. ალ-არსუზი იყო ლიგის ფილიალის ხელმძღვანელი ანტიოქიაში 1933-1939 წლებში. მისი ანტიფრანგული განწყობები გაძლიერდა ე.წ. ალექსანდრეტას კრიზისი დროს (სიტუაცია ალექსანდრეტას პროვინციის (ახლანდელი ისკენდერუნი) გარშემო , რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სირიის მფლობელობაში იყო,  ამ უკანასკნელსა და თურქეთს შორის დავის საგანს წარმოადგნდა. დასავლურმა ძალებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს პროვინციის თურქეთისთვის გადაცემა, ფაქტობრივად, მოსალოდნელ მსოფლიო ომში მისი ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ). ამ მოვლენების ფონზე ალ-არსუზი იძულებული გახდა დამასკოში გადასულიყო.  ის ასწავლიდა დამასკოს უნივერსიტეტში.  ხოლო 50-60-იან წლებში  —  სირიის სხვა ქალაქების სასწავლებლებში.

ზაქი ალ-არსუზი და ბაასის პარტია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაასის პარტიის თანამედროვე ვერსიის შექმნაში ზაქი ალ-არსუზის როლი სრულად არ არის გარკვეული. მკვლევარები მეტ-ნაკლებად თანხმდებიან ალ-არსუზის ინტელექტუალური წვლილის აღიარებაზე პან-არაბიზმის იდეების  და ბაასის პარტიის იდეოლოგიის განვითარებაში, ასევე იმ ფაქტის აღიარებაში, რომ პარტიის პირველი წევრებს შორის დიდი რაოდენობით იყვნენ ალ-არსუზის მოსწავლეები. 1939 წელს ეროვნული მოქმედების ლიგის ფარგლებში აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, 1940 წელს ალ -არსუზმა თავის რამდენიმე მოსწავლესთან ერთად დააარსა ახალი პარტია—"არაბული აღორძინება" (არაბ.:البعث العربي). ამ პარტიის პარალელურად, მოქმედებდა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც ასევე  საკუთარ თავს "არაბულ აღორძინებას " ("الاحيا العربي" ან "البعث العربي"-„ არაბული აღორძინება "ან" არაბული ბაასი ") უწოდებდა. მას  ხელმძღვანელობდნენ მიშელ აფლაკი და სალაჰ ად-დინ ბიტარი. საბოლოოდ, ალ-არსუზის ლიგის წევრები შეუერთდნენ აფლაკისა და ბიტარის ორგანიზაციას, რომელიც ბაასის წინამორბედი გახდა. ზაქი ალ-არსუზი არ დაესწრო  ბაასის პარტიის დამფუძნებელ კრებას, რომელიც ჩატარდა 1947 წლის 4-6 აპრილს, მაგრამ იქ იმყოფებოდნენ მისი მიმდევრები, ძირითადად ალავიტები  ვაჰიბ ალ-ღანიმის ხელმძღვანელობით. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ალ-არსუზის ასეთი როლი განპირობებული იყო მისი სუსტი ორგანიზატორული უნარებით, ასევე პირადი მტრობით მასსა და მიშელ აფლაკს შორის. მას შემდეგ, რაც 1966 წელს, მორიგი გადატრიალების შედეგად,  სირიაში ალავიტები მოვიდნენ ბაასის პარტიის და ხელისუფლების  სათავეში  კერძოდ მისი მოსწავლეები სალაჰ ჯადიდი და ჰაფეზ ასადი, ალ-არსუზი ოფიციალურად გამოცხადდა ბაასის  ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად და დამფუძნებლად.[5][6]

  1. Philip S. Khoury, Syria and the French Mandate: The politics of Arab Nationalism, 1920—1945 (Princeton, N.J.: Princeton University Press, 1987), 419
  2. Sami Moubayed, Men and Women Who Shaped Syria 1900—2000, Seattle, 2006, pp.142-144
  3. Zaki al-Arsuzi, al-Muallifat al-kamila: Zaki al-Arsuzi (Complete Works of Zaki al-Arsuzi), 6 vols., ed. Antun Maqdisi, Sidqi Ismail et al. (Damascus, 1975), 6:287
  4. Keith D. Watenpaugh, «Creating Phantoms»: Zaki al-Arsuzi, the Alexandretta Crisis, and the Formation of Modern Arab Nationalism in Syria, International Journal of Middle East Studies, Vol. 28, No. 3 (Aug., 1996), pp. 363—389
  5. Nabil M. Kaylani, The Rise of the Syrian Ba’th, 1940—1958: Political Success, Party Failure, International Journal of Middle East Studies, Vol. 3, No. 1 (Jan., 1972), pp. 3-23
  6. John F. Devlin, The Baath Party: Rise and Metamorphosis, The American Historical Review, Vol. 96, No. 5 (Dec., 1991), pp. 1396—1407
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზაქი_ალ-არსუზი“-დან