ლაურა მანჩინი
ლაურა მანჩინი | |
---|---|
სრული სახელი
ლაურა ვიტორია მანჩინი | |
წოდებები
ვენდომისა და მერკურის ჰერცოგინია | |
დაიბადა |
6 მაისი, 1636 რომი, იტალია |
გარდაიცვალა |
8 თებერვალი, 1657, (20 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
საგვარეულო | მანჩინები |
მეუღლე(ები) | ლუი, ვენდომის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი |
ლუი ჟოზეფი, ვენდომის ჰერცოგი ფილიპი, ვენდომის ჰერცოგი |
მამა | ლორენცო მანჩინი |
დედა | ჯიროლამა მაზარინი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ლაურა მანჩინი (იტალ. Laura Mancini, ფრანგ. Laure Mancini; დ. 6 მაისი, 1636, რომი, იტალია — გ. 8 თებერვალი, 1657, პარიზი, საფრანგეთი) — იტალიელი არისტოკრატი. კარდინალი მაზარინის დისწული. ლუი XIV-ის კარზე მოღვაწე მანჩინის ხუთი ცნობილი დიდან პირველი. საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის შვილიშვილის, ვენდომის ჰერცოგ ლუი დე ბურბონის ცოლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაურა დაიბადა 1636 წლის 6 მაისს რომში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, ლორენცო მანჩინისა და მისი ცოლის, ჯიროლამა მაზარინის პირველი ქალიშვილი. მას მეორე სახელი ბებიის, ვიტორია კაპოჩის პატივსაცემად დაარქვეს. მას შემდეგ, რაც მათი ბიძა, კარდინალი ჯულიო მაზარინი საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის პირველი მრჩეველი გახდა, ლაურას ძმები საფრანგეთში გადავიდნენ. 1653 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ასევე საფრანგეთში გადასახლდნენ ლაურა და მისი დებიც. აქ ისინი საფრანგეთის სამეფო კარზე, დედა-დედოფალ ანა ავსტრიელთან დასახლდნენ და მის ვაჟებთან: მეფე ლუი XIV-სა და ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-თან ერთად იზრდებოდნენ, რომლებიც ფაქტობრივად მათი ასაკისანი იყვნენ.
ლაურას მრავალი დედმამიშვილიდან განსაკუთრებით ოთხი დაა ცნობილი:
- ოლიმპია (1638-1708), სუასონის გრაფის მეუღლე და ცნობილი გენერლის, ევგენი სავოიელის დედა;
- მარია (1639-1715), ლუი XIV-ის პირველი სიყვარული და კოლონას მთავრის მეუღლე;
- ორტენზია (1646-1699), ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე მეფე ჩარლზ II-ისა და მონაკოს პრინც ლუი I-ის საყვარელი;
- მარია ანა (1649-1714), ბუილონის ჰერცოგის მეუღლე;
ამას გარდა ლაურას ჰყავდა სამი ძმა: პაული, ფილიპე და ალფონსო. მათ ლაურა თავდაპირველად კანდალის ჰერცოგ ლუი შარლ დე ნოგარეტ დე ლა ვალეტზე დანიშნეს, თუმცა მოგვიანებით ნიშნობა ჩაიშალა. ამის შემდეგ ლაურა დააქორწინეს ვენდომის ჰერცოგ ლუი დე ბურბონზე, რომელიც მეფე ლუი XIV-ს ბიძად ერგებოდა, რადგან იგი მეფე ანრი IV-ისა და მისი საყვარლის, გაბრიელ დესტრეს ვაჟი იყო.
ლაურასა და ლუის ქორწინება 1651 წლის 4 თებერვალს შედგა სამეფო სასახლეში, რის შემდეგაც მას დამატებით მერკურის ჰერცოგინიობა მიენიჭა. სისხლისმიერ პრინცზე ქორწინებით ლაურას ასევე მიენიჭა „მისი უმაღლესობის“ წოდებაც. აღსანიშნავია, რომ მათი ქორწინება ბედნიერი იყო და წყვილს ერთმანეთი მალევე შეუყვარდა. მან მალევე გააჩინა ორი ჯანმრთელი ვაჟი, თუმცა 1657 წლის 8 თებერვალს მესამე მშობიარობას გადაჰყვა, 20 წლის ასაკში. ბავშვს სახელი ბიძამისის პატივსაცემად დაარქვეს. ლაურა მალევე დაკრძალეს, ამით განადგურებულმა მისმა ქმარმა კი მიატოვა სამეფო კარი და პროვინციაში გადასახლდა შვილების აღსაზრდელად, რაშიც მას ლაურას და, მარია ანა მანჩინი ეხმარებოდა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მისი და, მარია ანა მანჩინი შემდგომში თავისი მეუღლის მოწამვლას ცდილობდა, რათა ცოლად გაჰყოლოდა ლაურას ვაჟს, ლუი ჟოზეფ დე ბურბონს, თუმცა მისი გეგმა ჩაიშალა და მეფემ იგი სამეფო კარიდან გააძევა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლუი ჟოზეფი (1654-1712), ვენდომის ჰერცოგი. ცოლად შეირთო მარი ანა დე ბურბონ-კონტი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- ფილიპი (1655-1727), ვენდომის ჰერცოგი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ჟიულ სეზარი (1657-1660), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Otto Flake: Große Damen des Barock. Historische Porträts. Fischer, Berlin 1981, ISBN 3-596-22273-7, S. 23–26.
- Amédée Renée: Die Nichten Mazarin’s. Studien der Sitten und Charaktere im 17. Jahrhundert. 3. Auflage. Rudolf Kuntze, Dresden 1858, S. 88–99
- Guy Jean Raoul Eugène Charles Emmanuel de Savoie-Carignan: The seven richest heiresses of France. J. Long, London 1911, S. 74–85