(Translated by https://www.hiragana.jp/)
ნუსხური - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ნუსხური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუსხური დამწერლობის მაგალითი. ძირითადი ტექსტი შესრულებულია ნუსხურად, სათაური და საზედაო ასო კი ასომთავრულით
სვეტიცხოვლის გულანი, გადაწერილია ნუსხურად 1681 წელს.

ნუსხური დამწერლობა ქართული ანბანის განვითარების მეორე საფეხურია, რომელიც უშუალოდ ასომთავრულის გრაფიკული გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბდა. „ნუსხური“ ნაწარმოებია სიტყვისაგან „ნუსხა“, რაც სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ჩქარად ნაწერს ნიშნავს, გარდა ამისა ნუსხა ერქვა დედანსაც. „ნუსხური“, როგორც დამწერლობის ერთ-ერთი სახეობის აღმნიშვნელი ტერმინი ძველ ხელნაწერებში არ ჩანს, იგი უფრო გვიან პერიოდში ჩნდება. ნუსხურ დამწერლობას ხშირად მოიხსენიებენ „ნუსხა-ხუცურის“ სახელწოდებით, როგორც ხუცურის (ასომთავრულისა და ნუსხურის საერთო სახელწოდება) ერთ-ერთ სახეობას[1].

ნუსხური დამწერლობის პირველი ნიმუშები IX საუკუნიდან არსებობს. უძველესად ითვლება ატენის სიონის ერთ-ერთი წარწერა, რომელიც 835 წლით თარიღდება. ხელნაწერებში ნუსხური დამწერლობა პირველად გვხვდება 864 წლის სინური მრავალთავის ანდერძში; აღსანიშნავია, რომ ნუსხურად გადაწერილია ანდერძის მხოლოდ მცირე ნაწილი, უდიდესი ნაწილი კი ასომთავრული დამწერლობითაა შესრულებული. ნუსხურად გადაწერილ ხელნაწერ წიგნთა რაოდენობა მატულობს X საუკუნიდან, მაგალითად ამ დამწერლობითაა ნაწერი სინური ლექციონარი, სინური ოთხთავი (978 წელი), ოშკის ბიბლია (978 წელი), ჭილ-ეტრატის იადგარი და სხვა. არსებობს ხელნაწერები, რომლებშიც ტექსტის ნაწილი ნუსხურია, ნაწილი კი ასომთავრული (მაგალითად სვანური მრავალთავი), ზოგ შემთხვევაში ასომთავრულით გადაწერილ ხელნაწერ ტექსტებში ცალკეული გამორჩენილი ან დაზიანებული სიტყვები აღდგენილია ნუსხური დამწერლობით[2].

შემდგომ საუკუნეებში ნუსხური ბატონობს და ავიწროებს ასომთავრულს. XII საუკუნისათვის, როგორც ჩანს, ასომთავრული დამწერლობა უკვე გაუცხოებულია და მისი წაკითხვა ჭირს. ამას ადასტურებს ტბეთის ოთხთავის ანდერძი, სადაც პავლე მტბევარი განმარტავს, რომ სწორედ ასომთავრული დამწერლობის სირთულის გამო გადააწერინა სახარება ნუსხურად, რომლის წაკითხვაც უფრო მარტივი იყო[1].

ნუსხურით გადაწერილ წიგნებში სათაურები და საზედაო ასოები ყოველთვის ასომთავრულითაა შესრულებული. აღსანიშნავია, რომ უძველესი საისტორიო ან იურიდიული საბუთები ძირითადად ნუსხურადაა ნაწერი, თუკი ამ დოკუმენტის გამცემი სასულიერო პირია, საერო პირები კი ამ ფუნქციით მხედრულ დამწერლობას იყენებდნენ. საეკლესიო ხასიათის ხელნაწერები, როგორიცაა ბიბლია, ოთხთავი, ფსალმუნები და სხვა, როგორც წესი ნუსხურით, უფრო ადრე კი ასომთავრული დამწერლობით იწერებოდა, მხედრულით შესრულებული სასულიერო ხელნაწერები კი უფრო იშვიათია. ამ ფაქტის გამო ნუსხურსა და ასომთავრულს ხშირად ერთი და იმავე დამწერლობის, ხუცურის ორ ნაირსახეობად მიიჩნევენ და უპირისპირებენ მხედრულს, როგორც საერო დამწერლობას[3]. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლიტურგიკული წიგნებისათვის დღესაც ნუსხურ საბეჭდ შრიფტს იყენებს.

ასომთავრული თანაბარი სიმაღლის ასოებისაგან განსხვავებით, ნუსხურში ასოები ოთხხაზოვან ბადეშია განაწილებული და სხვადასხვა სიმაღლისაა; კერძოდ ცხრა ასო (, , , , , , , , ) მეორე და მესამე, შუა ხაზებში მოთავსდნენ, თექვსმეტი ასო (, , , , , , , , , , , , , , , ), რომელთაც კიდური დაუგრძელდა, მეორე და მეოთხე ხაზებს შორის განაწილდნენ, შვიდი ასო (, , , , , , ) პირველსა და მესამე ხაზებს შორის იწერება, ერთდროულად ზედა და ქვედა დაგრძელებული კიდურები კი მხოლოდ ოთხ ასოს (, , , ) აქვს და ოთხხაზოვან ბადეს მთლიანად ავსებს.

ნუსხურისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისებაა ასოთა გადახრილობა მარჯვნივ. ზოგადად, ყოველი ასოს ტანი გადახრილია, მაგრამ დახრილობა ძლიერდება იმ ასოებში, რომელთაც ზედა ან ქვედა კიდურები აქვთ. გარდა ამისა, ნუსხური ასოები კუთხოვანი მოყვანილობისაა, რის გამოც მას „კუთხოვან დამწერლობასაც“ უწოდებენ. ასოები გაბმით იწერება. აღსანიშნავია, რომ ნუსხური დამწერლობის ასოთა მოხაზულობას გამარტივებისაკენ მიდრეკილება ემჩნევა; მაშინ, როცა ასომთავრული ასოები რთულად, ხელის რამდენიმე აღებით სრულდება, ნუსხრ ასოებში იგრძნობა ასოთა ერთიანი კონტურის შექმნის ტენდენცია, რაც კიდევ უფრო თვალშისაცემია ნუსხურის გამარტივებით მიღებულ მხედრულ დამწერლობაში. ასომთავრულისაგან ნუსხურის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ სწრაფი წერის მოთხოვნილებას. ნუსხურისათვის დამახასიათებელი გადაბმებისა და ერთიანი კონტურისაკენ სწრაფვის შედეგია ის, რომ „უ“ ბგერის აღსანიშნავად, რომლისთვისაც ასომთავრულში ცალკე სიმბოლო არ არსებობდა, „ონისა“ და „ჳეს“ გადაბმით ჩნდება ახალი ნიშანი, თავდაპირველად ლიგატურის სახით, მოგვიანებით კი ცალკე, დამოუკიდებელ გრაფემად ყალიბდება:


ასომთავრული ონი და ჳიე, ნუსხური ონი და ჳიე და მათი შერწყმით მიღებული ახალი გრაფემა – უნი
  • მაჭავარიანი ელ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 488.
  • თ. გამყრელიძე, წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, თბილისი, 1990
  • რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბილისი, 1980
  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949
  • ე. მაჭავარიანი, ქართული ანბანი, თბილისი, 1977
  1. 1.0 1.1 კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1997, გვ. 219
  2. კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1997, გვ. 218
  3. კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1997, გვ. 219-220