გალიპოლის ბრძოლა
გალიპოლის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
პირველი მსოფლიო ომის ნაწილი | |||
თარიღი | 19 თებერვალი, 1915 — 9 იანვარი, 1916 | ||
მდებარეობა | გალიპოლი | ||
შედეგი | ოსმალეთის იმპერიის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
გალიპოლის ბრძოლა ვიკისაწყობში |
გალიპოლის ბრძოლა, გალიპოლის ოპერაცია, დარდანელის ოპერაცია, ჩანაქქალეს ბრძოლა (თურქ. Çanakkale Savaşı; ინგლ. Gallipoli Campaign) — მასშტაბური სამხედრო ოპერაცია პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. გაიმართა უინსტონ ჩერჩილის ინიციატივით[1]. ბრძოლაში მონაწილეობდა ანტანტის ქვეყნები, ძირითადად დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ოპერაციის მიზანი იყო კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდება და რუსეთისათვის საზღვაო გზების გახსნა[2].
წინა პირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1915 წლისათვის დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიის ინტერესები დაემთხვა ყურეების კონტროლის სფეროში. დიდი ბრიტანეთი ცდილობდა კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდებას, ხოლო რუსეთისათვის უკვე XIX საუკუნიდან ყურეების საქმე უმნიშვნელოვანესი სამხედრო სტრატეგიული კონცეფცია იყო.
სამხედრო ოპერაციის გეგმა ვიცე-ადმირალმა სეკვილ კარდენმა წარუდგინა უინსტონ ჩერჩილს. იგი იყოფოდა ოთხ ეტაპად[3]:
- გარე თავდაცვითი სისტემის აღება.
- შუალედური გამაგრებების აფეთქება ფსკერიდან.
- შიდა თავდაცვითი სისტემის აღება.
- მარმარილოს ზღვაზე გასვლა.
კარდენის გეგმა მოიწონა უმაღლესმა ხელმძღვანელობამ და დარდანელის სრუტეში გაიგზავნა ბრიტანულ-ფრანგული ესკადრა[4].
სამხედრო საბჭოს 1915 წლის 28 იანვრის სხდომაზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება: დარდანელის სრუტეში განლაგებულ ფრონტს უნდა ემოქმედა დამოუკიდებლად არმიის დახმარების გარეშე.
ოსმალეთის მხარემ დაზვერვის საშუალებით უკვე იცოდა ოპერაციის მზადების შესახებ და დაიწყო საფორტიფიკაციო ნაგებობების გამაგრება[5].
ბრძოლის მსვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოპერაცია დაიწყო 1915 წლის 19 თებერვალს ოსმალეთის ფორტების დაბომბვით, თუმცა მოკავშირეებმა რაიმე სერიოზული ზიანის მიყენება ვერ შეძლეს. გენერალური შეტევა დაიწყო 18 მარტს დილის 10:30 საათზე. მოკავშირეთა ხომალდები სრუტეში შევიდნენ. თურქები შორიახლო მისდევდნენ მოკავშირეებს, გაიხსნა საარტილერო ცეცხლი. მნიშვნელოვნად დაზიანდა მოკავშირეთა ფლოტი. 18:00 საათისათვის ბრიტანელმა ადმირალმა დე რობეკმა გასცა ბრძანება ოპერაციის შეწყვეტის შესახებ. თურქებმა უმნიშვნელო დანაკარგი განიცადეს.
ზღვაზე წარუმატებლობის შემდეგ მოკავშირეებმა გადაწყვიტეს დესანტის გადასხმით დაეპყროთ გალიპოლი. 25 აპრილს მოკავშირეებმა დესანტი ინგლისელი გენერლის იან ჰამილტონისა და ფრანგი გენერლის ალბერ დ’ამადის სარდლობით გელიბოლუს ნახევარკუნძულზე სედიულბაჰირთან გადასხეს. მოკავშირეთა ცდას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ოსმალეთის იმპერიის ჯარების ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ.
1915 წლის 7 დეკემბერს ბრიტანეთის მთავრობამ გასცა ბრძანება სრუტეებიდან მოკავშირეთა ძალების ევაკუაციის შესახებ, რომელიც დასრულდა 1916 წლის 9 იანვარს.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალიპოლის ბრძოლაში გამარჯვებას თურქებისთვის ჰქონდა უდიდესი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა. ამ ბრძოლის შემდეგ ბულგარეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება ოსმალეთის მხარეს, ხოლო უინსტონ ჩერჩილი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო. გენერალ ფონ სანდერსს „აღმოსავლეთის ჰინდენბურგი“ უწოდეს, ხოლო სულთან მეჰმედ V-ს ურჯულოებზე გამარჯვებულის - ღაზის ტიტული მიანიჭეს. დარდანელის ოპერაციის ჩავარდნით წაგებული დარჩა რუსეთი, რომელსაც სრუტეების რაიონი უნდა რგებოდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Original reports from The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-08. ციტირების თარიღი: 2016-01-09.
- Map of Europe during the Gallipoli Campaign. Omniatlas.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-19. ციტირების თარიღი: 2016-01-09.
- Despatches. The campaign at the Dardanelles (Gallipoli). The Long Long Trail.
- Gallipoli Centenary Research Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-08. ციტირების თარიღი: 2016-01-09.
- Winston Churchill's World War Disaster.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Erik Goldstein. Wars and Peace Treaties: 1816 — Present. Routledge, 1992. Page 43.
- ↑ The Encyclopaedia Britannica, Vol.7, Edited by Hugh Chisholm, (1911)
- ↑ Больных А. Г. Морские битвы Первой мировой: Трагедия ошибок. — М.: АСТ, 2002
- ↑ Вильсон x. Линкоры в бою. 1914—1918 гг. — М.: Изографус, ЭКСМО, 2002. — 432 стр.
- ↑ Первая мировая война на море — Мн.: Харвест; М.: ACT, 2001