ევანგელისტური ეკლესია
ევანგელისტური ეკლესია, ევანგელიკური ეკლესია — მთელი რიგი პროტესტანტული, ძირითადად ლუთერანული ეკლესიების სახელწოდება. მაგალითად, აუგსბურგული და ჰელვეციური სარწმუნოების ეკლესია — ავსტრიაში, ლუთერანულ-ევანგელიკური ეკლესია — დანიაში. ევანგელიკური ეკლესია — გერმანიაში. ჩეხი ძმების ევანგელიკური ეკლესია და ევანგელიკური მეთოდიკური ეკლესია ჩეხეთსა და სლოვაკეთში და სხვა. ევანგელიკური ეკლესიის მოძღვრების საფუძვლად ითვლება საღმრთო წერილი, უპირველეს ყოვლისა, სახარება (ბერძნ. euangelion), საიდანაც მიიღო სახელწოდება.
მსოფლიო ევანგელური ალიანსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროტესტანტულ სამყაროში არსებობს საერთაშორისო გაერთიანება, სახელწოდებით „მსოფლიო ევანგელური ალიანსი“, რომელიც წარმოადგენს 127 ქვეყანაში არსებულ ეკლესიათა ქსელს. მასში 420 მილიონი ევანგელურად მორწმუნეა გაერთიანებული. პირველი ევანგელური ალიანსი 1846 წელს ჩამოყალიბდა ლონდონში, სადაც ათი სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანები შეიკრიბნენ. „მსოფლიო ევანგელური ალიანსი“ 1951 წელს დაფუძნდა 21 ქვეყნის წარმომადგენლების მიერ. ყოველ ოთხ წელიწადში ერთელ იმართება ასამბლეა
საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში ევანგელისტური ეკლესია 1914 წელს დააფუძნა მცირე აზიიდან შესულმა მისიონერმა დევიდ ურშანმა, რომელიც შემდეგ სანქტ-პეტერბურგში და ევროპაში გადავიდა. მეტი ცნობა პირველი ევანგელისტური საკრებულოს შესახებ არ მოიპოვება.
1999 წელს ევანგელისტური ეკლესია ხელმეორედ დააარსა პასტორმა ზაალ ტყეშელაშვილმა. 1999-2003 წლებში ეკლესია განიცდიდა შევიწროებას, ძირითადად სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ამ პერიოდში ეკლესიას ჰქონდა ექვსი სასამართლო პროცესი. 2003 წლიდან ვარდების რევოლუციის შემდეგ მათ მიეცათ მოქმედების თავისუფლება. 2008 წელს ევანგელისტური ეკლესიას საქართველოში დაახლოებით 150 მიმდევარი ჰყავდა.
ეკლესია არ აღიარებს პირამიდულ იერარქიას. აღიარებს რწმენის მთავარ ფუნდამენტს: წმ. სამებას და ქრისტეს ღვთაებრიობას. აღესრულება ზეციდან შობის, ნათლობის, ევქარისტიის, ქორწინების, ხელდასხმისა და ზეთისცხების, სულიწმიდით ნათლობის საიდუმლოებები. საზოგადოდ, ევანგელისტური ეკლესია აღიარებს ნათლობის ორ ფორმას: ნათლობას წყლით და ნათლობას სულიწმიდით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თინიკაშვილი დ., „ევანგელისტური ეკლესია საქართველოში“ // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 312-314, ISBN 978-9941-0-0902-0.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 30.