ნამიბიის ისტორია
ნამიბია— ახალგაზრდა სახელმწიფოა, რომელიც 100-ზე მეტი წლის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა კოლონიური ხელისუფლების ქვეშ. მან დამოუკიდებლობა მოიპოვა მხოლოდ 1990 წლის მარტის თვეში.
კოლონიამდელი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ პირველები დასახლდნენ კოისანურ ენაზე მოლაპარაკე თანამედროვე სანის (ბუშმენების) წინაპრები, რომლებმაც თანდათანობით დაიპყრეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნამიბია და ჩრდილო-დასავლეთ ბოტსვანა. ისინი სახლობდნენ მცირე ჯგუფებად, მისდევდნენ ნადირობას და შემგროვებლობას. ამასთან, თითოეულ ჯგუფს ჰქონდა საკუთარი ტერიტორია.
არქეოლოგიის, ლინგვისტიკისა და ზეპირი შემოქმედების ფრაგმენტული მონაცემები XIX საუკუნემდე ტომთა მიგრაციის მიახლოებითი სურათის აღდგენის საშუალებას იძლევა. სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანი მიგრაციები გაგრძელდა რამდენიმე საუკუნის მანძილზე. ნამას ცალკეული ტომობრივი ჯგუფები, რომლებიც მოძრაობდნენ ჩრდილოეთის მიმართულებით პლატოსაკენ, შეადგენდნენ რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ათასეულ ადამიანს. ისინი მისდევდნენ ნადირობას პრიმიტიულ მესაქონლეობასთან ერთად, როგორც ნამაურ ენოვანი მთის ტომები დამარა ჩრდილოეთ პლატოზე. დამარები ნამიბიაში IX საუკუნეში გამოჩნდნენ. არ არის ცნობილი თუ საიდან მოვიდნენ, თუმცა სახლობენ ცენტრალური ნამიბიის ტერიტორიაზე რომელსაც მოგვიანებით დამარალენდი ეწოდა. ჰერეროენოვანი მესაქონლე ტომები მიგრირდებოდნენ სამხრეთით კაოკოს ზეგანის რაიონში. ეს ტომები იყვნენ მესაონლეები და არ შეუქმნიათ ცენტრალიზებული სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაცია. მონადირეთა და მესაქონლეთა ჯგუფები მუდმივად გადაადგილდებოდნენ დიდ მანძილზე საკვებისა და წყლის ძიებაში.
ნამიბიის ჩრდილოეთის სიტუაცია სხვაგვარად განვითარდა. აქ ოვამბოს ტომები დასახლდნენ მდინარეების კუნენესა და ოკავანგოს მიდამოებში. გაჩნდა მუდმივი მაცხოვრებლების რაიონები, რომლებიც ტყის მასივებით იყო გამოყოფილი ერთმანეთისაგან. ამ რაიონებში ბუნებრივი პირობების მიხედვით ცხოვრობდნენ რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათი ათასეულამდე ადამიანი. აქ წარმოიქმნა ”სამეფოები”, რომლებიც იმართებოდა მატრიარქალური კლანებით და რომლებმაც შეადგინეს მოსახლეობის ტრადიციული სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზაცია. მოგვიანებით მდინარეები ოკავანგო და ზამბეზი ჩადგნენ ძირითადი სავაჭრო და მიგრაციული პროცესების სამსახურში. ოვამბოს ტომები მოიპოვებდნენ მადანს ოტავის პლატოზე, რკინის მადანს კასინგაში და მარილს.
ახალი დრო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყო ევროპელთა დასახლება კაპის კოლონიაში. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა გადაელახა მდინარე ორანჟი. ორლამის ხალხი დასახლდა კაოკოში, პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნამას ენაზე მოლაპარაკე ხალხს შორის. ამ გადაადგილებამ დაარღვია ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციული ცხოვრების რიტმი და სოციალურ-პოლიტიკური ბალანსი. ორლამებს სჭირდებოდათ პროდუქტი, რომელთაც გაცვლიდნენ ევროპული წარმოების საქონელზე. ისინი თავიანთ ტექნიკურ უპირატესობას იყენებდნენ ადგილობრივ მოსახლეობაზე ერთადერთი საქონლის (ჰერეროს პირუტყვის) მოსაპოვებლად, რომელზეც დიდი მოთხოვნა იყო ევროპელთა შორის. 1830—1850 წწ. ორლამთა ბელადმა იონკერ აფრიკანერმა ნამასა და ჰერეროს მრავალი ტომი დაიმორჩილა და შექმნა სამხედრო-ტერიტორიული წარმონაქმნი, რომლის ხელისუფლება გავრცელდა თანამედროვე ნამიბიის ცენტრალურ რაიონებზე. იონკერ აფრიკანერი მათ მართავდა ვინდჰუკიდან და ოკაჰანდედან. სწორედ მაშინ შეაღწიეს ნამიბიის სამხრეთ ნაწილში ევროპელმა ვაჭრებმა და მისიონერებმა. 1840 წლიდან აქ დიდი აქტიურობა გამოიჩინა რეინის სამისიონერო საზოგადოებამ. 1861 წელს იონკერ აფრიკანერის სიკვდილის შემდეგ მისი სახელმწიფო დაეცა, თუმცა ნორმალური ვაჭრობის საერთო ინტერესი აჩერებდა ურთიერთშეტაკებებსა და პირუტყვის დატაცებას.
ჩრდილოეთში გაუარესებულმა სიტუაციამ, რომელიც დაკავშირებული იყო იონკერის ხალხის ორმაგ რეიდებთან, სამხრეთ ანგოლის პორტუგალიელთა მიერ პირველი დაპყრობის ცდებმა, გამოიწვია ოვამბოს ბელადთა შეშფოთება. ამის გამო, მათ დაიწყეს შეიარაღება. 1860/1870-ან წლებში ბარტერული გაცვლის ძირითადი პროდუქტი იყო სპილოს ძვალი, მაგრამ როგორც კი სპილოები განადგურდნენ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაიწყეს თავიანთ ჩრდილოელ მეზობლებზე თავდასხმები და პირუტყვის წართმევა. გაჩნდა სამხედრო მეთაურთა ახალი ფენა ე.წ. „ლენგა“, რომელთა ხელში გადავიდა მნიშვნელოვანი ძალაუფლება.
1878 წელს დიდმა ბრიტანეთმა დაიპყრო უოლფიშ-ბეის რაიონი, რომელიც 6 წლის შემდეგ მიუერთა კაპის კოლონიას, თუმცა ნამიბიის შიდა რაიონების კოლონიზაციის პირველი გადამწყვეტი ნაბიჯები 1884 წელს გადადგა გერმანიამ, როდესაც მან ბრემენელი ვაჭრის, ლიუდერიცის ტერიტორიულ შენაძენებზე გამოაცხადა პროტექტორატი. ლიუდერიცმა ნამას ერთ-ერთი ტომის ბელადის, ბუხტუ ანგრა-პეკენასაგან შეიძინა მიმდებარე რაიონი. შემდეგ გერმანელებმა შეძლეს ადგილობრივ ბელადთან დაკავშირება ე.წ. ”დაცვის ხელშეკრულებით”. მალე გერმანიის კონტროლქვეშ აღმოჩნდა ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ახალი სამფლობელოების სამართავად შეიქმნა ”სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის გერმანული კოლონიური საზოგადოება”, რომელმაც 10 წელი იარსება. როდესაც საზოგადოებამ ვეღარ შეძლო შეიარაღებულ ნამიბიელ აჯანყებულებთან გამკლავება, ოფიციალურმა ბერლინმა ადგილზე მიავლინა გუბერნატორი თეოდორ ლეიტვეინი. მას შემდეგ ნამიბიაში გაჩნდნენ პირველი თეთრკანიანი მოსახლეები. 1897—1898 წლებში ნამიბიაში გაჩნდა რქოსანი პირუტყვის ჭირის ეპიდემია, რომელმაც ადგილობრივ სოფლის მეურნეობას დიდი ზიანი მიაყენა. თეთრი ვაჭრების შემდგომი მტაცებლური ქმედებების, გუბერნატორთა მიერ მიწების თანდათანობითი დაპყრობის, აფრიკელთა ეკონომიურად უპერსპექტივო რაიონებში განდევნის პოლიტიკამ კრახი განიცადა.
XX საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1904 წლის იანვარში გერმანელი კოლონიზატორების წინააღმდეგ აღდგა ჰერეროს ხალხი. ვატერბერგის გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ გერმანული დანაყოფების მეთაურმა ლოტარ ფონ ტროტამ განკარგულება გასცა - დაეხოცათ ფიზიკურად გაენადგურებინათ ყველა ჰერერო. იმავე წლის ბოლოს ნელად ჰენდრიკ ვიტბოის მეთაურობით გერმანელთა წინააღმდეგ გამოვიდნენ სამხრეთ ნამიბიის ხალხები. 1907 წელს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მომენტისათვის ნამიბიელთა დანაკარგი შეადგენდა მთელი პლატოზე მცხოვრები მოსახლეობის მოსახლეობის 60 %-ს. ეს იყო დაახლოებით 100 ათასი ადამიანი.
1914 წელს პირველ მსოფლიო ომში დიდი ბრიტანეთის მხარეს გამოვიდა სამხრეთ აფრიკის კავშირი და მომდევნო წელსვე გაანადგურა გერმანიის კოლონიური ჯარები ნამიბიის ტერიტორიაზე. 1920 წელს ნამიბია სამმართველოდ გადაეცა სამხრეთ აფრიკის კავშირს, როგორც ერთა ლიგის სამანდატო ტერიტორია, რომელმაც მიიღო აქ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ფუნქციები.
სამხრეთ აფრიკის კავშირის ხელში ნამიბიის გადასვლამ, ასევე, მასზე ანგოლის მხრიდან პორტუგალიელთა თავდასხმებმა განსაზღვრა ოვამბოლენდეში კოლონიური მმართველობის დამყარება. ეს დაემთხვა 1915-1916 წწ. ამ მოვლენებმა გრიპის ეპიდემიასთან ერთად, რომელიც ორი წლით გვიან გავრცელდა, შეიწირა ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი.
სამხრეთ აფრიკის კავშირმა კიდევ ორჯერ სცადა სამხედრო ძალის გამოყენება (ამჯერად საჰაერო დაბომბვა) ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ — 1922 წელს ბონდელსვარტების ნამას ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფის ხალხები) აჯანყების ჩასაქრობად სამხრეთში და 1932 წელს ოვამბოს ერთ-ერთი ბელადის იპუმბუს წინააღმდეგ.
1946 წელს ერთა ლიგის ნაცვლად შექმნილმა გაერომ უარყო სამხრეთ აფრიკის კავშირის პეტიცია სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ტერიტორიების კავშირის შემადგენლობაში ცნობის შესახებ. საპასუხოდ, სამხრეთ აფრიკის კავშირმა უარი თქვა - გადაეცა ეს ტერიტორიები გაეროს მეურვეობის ქვეშ. დაიწყო გაჭიანურებული სასამართლო დავა. 1959 წლის 10 დეკემბრის ღამეს სამხრეთ აფრიკის კავშირის პოლიციამ და გასამხედროებულმა ძალებმა დაცხრილეს აფრიკელთა საპროტესტო დემონსტრაცია, რომელიც გაიმართა ვინდჰუკის „შავ გარეუბანში“ აფრიკელთა გადასახლების წინააღმდეგ: ადგილზე დაიღუპა 12 ადამიანი და დაიჭრა 50 ადამიანი.
1966 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გააუქმა სამხრეთ აფრიკის კავშირის მანდატი და დაუქვემდებარა ნამიბია გაეროს ეგიდით მმართველობას. 1971 წელს საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა ამ ნაბიჯის კანონიერება.
1966 წელს დაიწყო ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის შიარაღებული ბრძოლა. 1975—1977 წწ. სამხრეთ აფრიკის კავშირის ინიციატივით ვინდჰუკში ჩატარდა ე.წ. „საკონსტიტუციო კონფერენცია“, რომელიც ორიენტირებული იყო ამ პოლიტიკურ კავშირზე. შემუშავდა კონსტიტუცია ქვეყნის ეთნიკური ნიშნით ადმინისტრაციული დაყოფის საფუძველზე. ადგილობრივ მთავრობას სათავეში ჩაუდგა თეთრი აფრიკანერი ნაციონალისტი დირკ მაჯი.
1978 წლის აპრილში სამხრეთ აფრიკის კავშირი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტასა და ნამიბიაში გაეროს მეთვალყურეობით არჩევნების ჩატარებაზე. თუმცა მოგვიანებით უარყო, რადგან ჩათვალა, რომ გაეროს ეს გეგმა დაფუძნებული იყო დასავლეთის ქვეყნების წინადადებებზე. ამავე დროს, იმავე წლის მაისში ანგოლის ქალაქ კასინგაში ბომბებით განადგურებული იქნა ე.წ. ”სვაპოს” (South-West Africa’s Peoples Organization) ბაზა, რომლის დროსაც დაიღუპა რამდენიმე ასეული ადამიანი. ამ ხალხის მშვიდობიან მაცხოვრებლებად ჩათვლის საკითხი დღემდე სადავოა, რადგან ისინი თავისი ოჯახებიანად მსახურობდნენ და ცხოვრობდნენ ბაზის ტერიტორიაზე.
სამხრეთ აფრიკის კავშირის პოზიცია კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 1980-ან წლებში აშშ-ს ადმინისტრაციამ მოითხოვა სამხრეთ აფრიკის ჯარების გაყვანა ნამიბიის ტერიტორიიდან.
1989 წლის 1 აპრილიდან უშიშროების საბჭოს № 435 რეზოლუციის თანახმად დაიწყო ერთ წელიწადზე გათვლილი გაეროს კონტროლქვეშ ნამიბიის დამოუკიდებლობისაკენ სვლა.
გარდამავალ პერიოდში ”სვაპოს” ლიდერები და მათი მომხრე 40 ათასამდე ემიგრანტი დაბრუნდა სამშობლოში. მოხდა პოლიტიკური პარტიების და 95 % პოტენციური ამომრჩევლის რეგისტრაცია. ამომრჩეველტა 97 % მიიღო მონაწილეობა დამფუძნებელი ასამბლეის არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც ჩატარადა გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ. არჩევნებში ე.წ. ”სვაპომ” მიიღო ამომრჩეველთა ხმების 57 %. დამფუძნებელმა ასამბლეამ შეიმუშავა და მიიღო ნამიბიის კონსტიტუცია. 1990 წლის 21 მარტს გამოცხადდა ნამიბიის დამოუკიდებლობა. მისი პირველი პრეზიდენტი გახდა ”სვაპოს” ლიდერი სემ ნუიომა, რომელიც 1970-1980 წწ. დევნილობაში იმყოფებოდა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მიუხედავად ანგოლის მხრიდან შეიარაღებული სამხედრო ფორმირებების პერიოდული თარეშისა, ზოგადი ვითარება ნამიბიაში წყნარი და მშვიდი იყო. თარეში გამო 2000 წლამდე ქვეყტნის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებდა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები. მთავრობის მოღვაწეობის საშინაო პოლიტიკის მთავარი მიმართულება იყო ეროვნული შერიგება, სოციალური თანასწორობა და ეკონომიკური განვითარება. 1994 წლის არჩევნებზე „სვაპომ“ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი პოლიტიკური პოზიციები. სახელმწიფო ინვესტიციების წყალობით შესამჩნევი გახდა უცხოელთა ტურიზმის, თევზჭრისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში ზომიერი ეკონომიკური ზრდა, თუმცა სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ნამიბიის ეკონომიკა საკმაოდ სუსტად არის ბალანსირებული, რამდენადაც ქვეყანას გააქვს საკუთარი წარმოებული პროდუქციის 80%-ზე მეტი და იმავდროულად, საკუთარ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს დაახლოებით 70 % იმპორტის ხარჯზე.
დამოუკიდებლობის პირველი წლების სიძნელეები ნამიბიაში - ეს იყო გაფიცვების, უმუშევრობის, მიწის რეფორმით უკმაყოფულო გლეხთა გამოსვლების წლები. მეზობელი ზიმბაბვესაგან განსხვავებით ნამიბიის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროპული წარმოშობის ფერმერთა მიწის საკითხის ექსპროპრიაციის რადიკალური მეთოდების გზით გადაწყვეტაზე.
1998-1999 წწ. ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ (კაპრივის) რაიონში ადგილი ჰქონდა სეპარატისტულ მოძრაობას. სეპარატისტები გამოდიოდნენ ფართო ავტონომიის ან რეგიონისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების მოთხოვნით. მეამბოხეებს მხარს უჭერდა ზამბიის ოპოზიცია მაშინ, როდესაც თავად ზამბიისა და ზიმბაბვეს ხელისუფლება დახმარებას სთავაზობდნენ ნამიბიის ხელისუფლებას.
90-ან წლებში კონფლიქტი გაჩაღდა ნამიბიასა და მეზობელ ბოტსვანას შორის სასაზღვრო რეგიონში სადავო კუნძულებზე. ზოგ შემთხვევაში საქმე სისხლისღვრამდე მივიდა, იყო მსხვერპლიც, თუმცა მხარეებმა ეს საკითხი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს დახმარებით დაარეგულირეს და 2003 წელს მოხდა სზღვრების საბოლოო დემარკაცია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნამიბია
- ნამიბიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
- ვინდჰუკი
- თეთრი ქალბატონი
- კონგოს მეორე ომი
- ლუსაკის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გარიაჩევი ი. ა, კრასილნიკოვი ა. ს. ცეცხლოვან საზღვარზე: ზიმბზბვეს, ნამიბიის და სამხრეთ აფრიკის ხალხები და ახალგაზრდობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვსი ბრძოლაში. მ., 1982. — გვ. 208.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰენდრიკ ვიტბოი - ნამიბიის ეროვნული გმირი
- ნამიბიის ისტორია - ენები
- სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნების პრობლემები და განვითარება კოლონიალიზმისა და აპარტეიდის ლიკვიდაციის შემდეგ
- დრო ნამიბიაში
|