(Translated by https://www.hiragana.jp/)
ნეპალი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ნეპალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
लोकतान्त्रिक गणतन्त्र नेपाल
Sanghiya Loktāntrik Ganatantra Nepāl
ნეპალი
დროშა
დევიზი: जननी जन्मभूमिश्च स्वर्गादपि गरीयसी
„დედა და სამშობლო ზეციურ სამეფოზე დიადია“
ჰიმნი: "დამზადებულია ასობით ყვავილისგან"

ნეპალის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
კატმანდუ
24°42′ ჩ. გ. 85°19′ ა. გ. / 24.700° ჩ. გ. 85.317° ა. გ. / 24.700; 85.317
ოფიციალური ენა ნეპალური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ბიდჰია დევი ბჰანდარი
 -  ვიცე-პრეზიდენტი ნანდა კიშორ პუნი
 -  პრემიერ-მინისტრი კჰადგა პრასად შრმა ოლი
ფართობი
 -  სულ 147 181 კმ2 (95-ე)
 -  წყალი (%) 2.8
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 30 430 267 (41-ე)
 -  2011 აღწერა 26 494 504[1] 
 -  სიმჭიდროვე 199 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2016 შეფასებით
 -  სულ $74.020 მილიარდი[2] 
 -  ერთ მოსახლეზე $2,573[2] 
აგი (2015) 0.548[3] (დაბალი) (145-ე)
ვალუტა ნეპალური რუპია (NPR)
დროის სარტყელი UTC+05:45
ქვეყნის კოდი NPL
Internet TLD .np
სატელეფონო კოდი 977

ნეპალი (ნეპ. नेपाल), ოფიციალურად: ნეპალის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკა[4]სამხრეთ აზიაში მდებარე სუვერენული სახელმწიფო. იგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა და მდებარეობს ჰიმალაის სამხრეთით, მოქცეულია ინდოეთსა და ჩინეთს შორის. მას ბანგლადეშისგან აშორებს ინდოეთის საკუთრებაში მყოფი სილიგურის კორიდორი, ხოლო ბჰუტანისგან სიკიმის შტატი. კატმანდუ არის ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი.

მსოფლიოს ათი უდიდესი მთიდან რვა მდებარეობს ნეპალის ჩრდილოეთში. ნეპალის სამხრეთი რეგიონი არის ნაყოფიერი და ნოტიო.[5]

ნეპალელების დაახლოებით 81,3 % ინდუიზმის აღმსარებელია. სხვა გავრცელებული რელიგიებია: ბუდიზმი - 9 %, ისლამი - 4,4 %, კირატიზმი -3,1 %, ქრისტიანობა - 1,4 % და ანიმიზმი - 0,4 %.[6]

1768 წლიდან ნეპალი იმართებოდა შაჰის დინასტიის მიერ, როდესაც პრითვი ნარაიან შაჰმა გააერთიანა ნეპალის ტერიტორიაზე არსებული მრავალი მცირე სამეფო. ათწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ სადაც ჩართული იყო ნეპალის კომუნისტური პარტიის მაოისტური ფრთა 2005 წლის 22 ნოემბერს 12 პუნქტიანი ხელშეკრულებით დასრულდა, რომელიც იყო 2008 წელს ჩატარებული პირველი დამფუძნებელი კრების არჩევნების გარანტი. 2015 წლის 20 სექტემბერს პრეზიდენტმა რამ ბარან იადავმა გამოაცხადა ახალი კონსტიტუციის შექმნა.

ნეპალი არის მცირე შემოსავლიანი და ადამიანის განვითარების დაბალი ინდექსის მქონე ქვეყანა. მიუხედავად ამისა მთავრობა გეგმავს, რომ ნეპალი 2022 წელს შევიდეს შედარებით განვითარებული ქვეყნების სიაში.[7][8]

  • ოფიციალური:
  • ეროვნული: Sri Nepala Sarkar.
  • ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელწოდება ძველინდურ ენაზე ნიშნავს „მთის ძირში მდებარეს“.

კატმანდუს ველზე აღმოჩენილი ნეოლითური ხელსაწყოები იმაზე მეტყველებს, რომ ჰიმალაის რეგიონში ადამიანები არაუგვიანეს 11 ათასი წლის წინ დასახლდნენ. უძველეს მოსახლეობას კუსუნდას ხალხებს უწოდებენ[9]. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 600 წლით ადრე ნეპალის სამხრეთ ნაწილში პატარა სამეფოები და კლანების კონფედერაციები შეიქმნა. მათგან ერთ-ერთი იყო შაკიას სახელმწიფო, სადაც მოგვიანებით დაიბადა სიდჰართა გაუტამა უფლისწული. მან აირჩია ასკეტური ცხოვრების წესი, ჩამოაყალიბა ბუდიზმის რელიგია და თავად გახდა ამ რელიგიის წინამძღოლი; დაირქვა ბუდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 250 წლისთვის სამხრეთის რეგიონები ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთი იმპერიის—მაურიის იმპერიის—გავლენის ქვეშ მოექცნენ; მოგვიანებით კი გუფთას იმპერიის ვასალები გახდნენ.

ნეპალის ვრცელი პრეისტორიის შესახებ, ძირითადად, ნიუარის ლეგენდარული ტრადიციებიდანაა ცნობილი. არსებობს  ამ ლეგენდების როგორც ბუდისტური, ასევე ინდუსური ვერსიები. ნეპალის ხეობა და ნეპალის დაბალგორაკებიანი არეალი ინდურ წყაროებშია ნახსენები. მათ მიხედვით, დაახლოებით 2500 წლის წინ, ცენტრალური ჰიმალაის მთები დაკეტილი იყო ინდუს-განგას და ჩრდილო-ინდური მდინარის მიმდებარე ველისთვის. ნეპალის კოგერენტული დინასტიური ისტორია ლიჩავის დინასტიის აღზევებით იწყება (ჩ. წ. IV-V საუკუნეში). მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრეულ, კირათის დინასტიას სურდა მიეთვისებინა კშათრიას კასტის მმართველისა და მებრძოლის სახელი, ლიჩავის დინასტია, სავარაუდოდ, ინდური ველების პირველი მმართველი ოჯახი იყო. ლიჩავის დინასტიის შესახებ განსაკუთრებით დიდ ინფორმაცია მოიპოვება ჩანაწერებიდან (ჩანაწერები გააკეთა ჩინელმა ბუდისტმა პილიგრიმმა ბერმა, ხუანზანგმა) და წარწერებიდან ქვებზე, რომლებიც ძირითადად ჩვენი წელთაღრიცხვით 500-700 წლით თარიღდება. ამ პერიოდში ტიბეტში კიდევ ერთი გაერთიანებული სამეფო წარმოიშვა, რის გამოც ჰიმალაიში ჩრდილოეთის მიმართულებით გამავალი გზები გაიხსნა.[10]

ლიჩავის დიანსტია VIII საუკუნის ბოლოს დაემხო, სავარაუდოდ, ტიბეტის იმპერიის გავლენით და დაიწყო ნეუარის, ანუ ტჰაკურის ერა (897 წლიდან). XI საუკუნის ბოლოს სამხრეთ ნეპალი სამხრეთ ინდური დინასტიის, ჩალუკიას გავლენის ქვეშ მოექცა, რამაც ნეპალის რელიგიური დადგენილება შეცვალა-ბუდიზმი ჩანაცვლდა ინდუიზმით.

X-XVIII საუკუნეებში ნეპალის ხეობასა და მის გარშემომდებარე რეგიონებს მალას დინასტია ჩაუდგა სათავეში. მიუხედავად იმისა, რომ ლიჩავის მეფეები ღვთისმოშიში ინდუსები იყვნენ, ისინი არაინდუსურ მოსახლეობას თავს არ ახვევდნენ ბრაჰმანიზმის ღირებულებებსა და წესებს. მალას დინასტიის წარმომადგენლები სხვანაირად აღიქვამდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას, თუმცა დიდი მალაელი მმართველმა, ჯალია სტჰიტმა, პირველი ლეგალური და სოციალური კანონები შექმნა, რომლებიც პირდაპირ თანამედროვე ინდუსური პრინციპებიდან გამომდინარეობდა. ჯაიას სტჰიტის მემკვიდრემ, იაქსამალამ, სამეფო თავის სამ ვაჟს გაუნაწილა. აქედან ჩამოყალიბდა კატმანდუს, პატანის და ბჰაკტპურის სამთავროები. თითოეული სამეფო აკონტროლებდა გარშემო მდებარე ტერიტორიებს, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცეოდა სავაჭრო გზებს ტიბეტისა და სამხრეთ ინდოეთის მიმართულებით, ვინაიდან სამეფოების ეკონომიკის განვითარებაში მათ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდათ.

ნეპალის სამეფო (1768-2008)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა სამთავრომ-გოტკჰამ, რომელსაც შაშის ოჯახი განაგებდა, ძალაუფლება მოიპოვა ნეპალის მთებსა და ველებზე და სცადა რეგიონის ერთპიროვნული მმათველი გამხდარიყო. ამ დროს მალას დინასტია დასუსტებული იყო შიდა განხეთქილების გამო და მიდი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ვერ შეედრებოდა დიდი გორხას განვითარების დონეს. გორხას მმართველმა პრიტჰვი ნარაიან შაშმა ველები 1769 წელს დაიპყრო და დედაქალაქი კატმანდუში გადაიტანა. ასე ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე ნეპალის ჩამოყალიბებას. შაშის დინასტიის მმართველებს განეძრახათ ნეპალის გაერთიანება და ცენტრალიზება, რაც დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან საუკუნეების მანძილზე რეგიონში შეინიშნებოდა ეთნიკური,რელიგიური,კულტურული სხვაობა. მათ შეითავსეს სხვადასხვა დომინანტი რეგიონის მმართველობის მთავარი მახასიათებლები, მოიწვიეს ლოკალური ელიტა და შექმნეს ცენტრალიზებული პოლიტიკური სისტემა. მათ ამ ქმედებამ დესინტეგრაციის მოსალოდნელი საშიშროება ააცილა თავიდან. 1775-1951 წლებში მიმდინარეობდა მწვავე დავა სამეფო ოჯახსა და რამდენიმე დიდგვაროვან ოჯახს შორის. 1772 წლიდან 1832 წლამდე  ქვეყანას მართავდა ორი მეფე, რომელთაგან ორივე გამეფდა მცირეწლოვან ასაკში. რეგენტები, ისევე, როგორც დიდგვაროვნები, ახალგაზრდა მეფეებით მანიპულირებდნენ. ორივე ფრაქციას სურდა მოეპოვებინა ძალაუფლება და მონოპოლია პოლიტიკურ ოფისებზე,რამაც შაშის დინასტიის დასუსტება გამოიწვია. ამ დროს ძალუფლება ჯერ ტჰაფას (1806-1837) და შემდეგ რანას (1846-1951) ოჯახის ხელში ჩავარდა.[11]

XIX საუკუნის დასაწყისში ინგლის-ნეპალის ომის (1814-1816) შედეგად, ინგლისმა  ნეპალს თავს მოახვია არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულება, რითაც ნეპალის მთელი საგარეო პოლიტიკა ინგლისის ხელისუფალთა კონტროლს დაექვემდებარა. 1846 ინგლისელების დახმარებით რანას ფეოდალური გვარის მეთაურმა ჯანგ ბაჰადურმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ყველა სხვა მაღალი თანამდებობა რანას გვარის მემკვიდრეობითი მონოპოლია გახდა. გარე სამყაროსგან იზოლაციამ, კაპიტალის გაზიდვამ, ნეპალის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია, 3 მლნ.-ზე მეტი მშრომელი ნეპალიდან ინდოეთში წავიდა, ბირმასა და სხვა ქვეყნებში სამუშაოს საძებნელად.

ინგლისის ჯარებთან ერთად პირველ და მეორე მსოფლიო ომში ნეპალის ჯარებიც იბრძოდნენ. ინდოეთი ინდუსურ ინდოეთად და ისლამურ პაკისტანად გაიყო. რელიგიური დაპირისპირების გამო რეგიონში მწვავე დაძაბულობა შეიქმნა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ჯავაჰარ ლალ ნერუმ ნეპალს სიტუაციის გაკონტროლებაში დახმარება სთხოვა. რანას დინასტიის წარმომადგენლებმა ხანგრძლივი კამათის შემდეგ გადაწყვიტეს ინდოეთში ჯარები გაეგზავნათ. მათ დიდი გავლენა იქონიეს ნახევარკუნძულზე სიტუაციის სტაბილიზაციაში.[12] მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აზიის ქვეყნებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის წარმატებამ და კოლონიალიზმის დამარცხებამ ხელი შეუწყო ნეპალელი ხალხის ანტიფეოდალური და ანტიიმპერიალური ბრძოლის განვითარებას. მნიშვნელოვნად გააქტიურდა ნეპალის პოლიტ. ემიგრაციის საქმიანობა ინდოეთში. 1947 წელს კალკუტაში დაარსდა ნეპალის ეროვნული კონგრესი (1950-იდან ნეპალის კონგრესი). 1949 წელს დაარსდა ნეპალის კომპარტია. შეიქმნა ანტირანული ძალების ერთიანი ფრონტი (მოქმედებდა 1951-1952), რამაც ბოლო მოუღო რანას ბატონობას (1951 წლის რევოლუცია). 1951 წლის 10 აპრილს გამოქვეყნდა დროებითი კონსტიტუცია, რომელმაც კონსტიტუციური მონაქრია გამოაცხადა. მოქალაქეებს მიენიჭათ საყოველთაო საარჩევნო უფლება, პარტიების შექმნის უფლება და ა. შ, თუმცა ნეპალში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის დანერგვა სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან ქვეყანას არ გააჩნდა ღრმა დემოკრატიული ტრადიციები ან გამოცდილება და არ იყო შეჩვეული ავტოკრატიას. 1959 წელს გამოქვეყნებულმა ახალმა კონსტიტუციამ შეზღუდა მოსახლეობის დემოკრატიული უფლებები და თავისუფლება. პარლამენტის პირველ არჩევნებზე (1959) გაიმარჯვეს ნეპალის კონგრესის პარტიის კანდიდატებმა, ისინი ხალხს დაჰპირდნენ აგრ. რეფორმის გატარებას, ადმ. აპარატის რეორგანიზაციას, მშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ მათ ვერ შეძლეს დაპირებების შესრულება. გამწვავებული სოც.-ეკონ. კონფლიქტების ვითარებაში მეფე მაჰენდრამ (განაგებდა 1955-1972) 1960 წლის 15 დეკემბერს დაითხოვა პარლამენტი და ხელში აიღო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალაუფლება.

1962 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ახალი კონსტიტუცია, აიკრძალა ყველა პოლიტ. პარტია და ორგანიზაცია. პარლამენტის ადგილი დაიკავა ეროვნულმა პანჩაიატმა; გაუქმებული პარტიების ნაცვლად შეიქმნა მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული ე. წ კლასობრივი ორგანიზაციები - გლეხთა, მუშათა, ახალგაზრდობის, ქალთა, ბავშვთა და სხვ.[11] 1963 წლის აგრარულმა რეფორმამ ფორმალურად გააუქმა მსხვილი მემამულური მიწის საკუთრება და დააწესა მიწათმფლობელობის მაქსიმუმი. ნეპალის მთავრობამ საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპად გამოაცხადა მიუმხრობლობა; ყველა ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობა. 1955 წელს ნეპალი გაეროს წევრი გახდა. ნეპალის საზოგადოებრიობის პროგრესული წრეები აქტიურად მონაწილეობდნენ აფრიკა-აზიის სოლიდარობის მოძრაობასა და მშვიდობისათვის ბრძოლაში, კერძოდ, ნეპალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ მშვიდობისმოყვარე ძალთა მსოფლიო კონგრესზე (მოსკოვი, 1973).[13]

1980 წლიდან დაიწყო მოსახლეობის გამოსვლები დემოკრატიული თავისუფლებების მოსაპოვებლად, რასაც მოჰყვა ერთპარტიული სისტემის მოშლა. 1981 წელს ძალაში შევიდა ეკონომიკური და კულტურული მეექვსე ხუთწლიანი გეგმა (1981-1985). 1991 წელს ჩატარებულ არჩევნებში პარტია ნეპალის კონგრესმა გაიმარჯვა. მოქმედებდა კონსტიტუციური მონარქია. 1996 წელს ნეპალის კომუნისტურმა პარტიამ ნელ-ნელა სამეფო საპარლამენტო სისტემის ჩანაცვლება დაიწყო. ამან ქვეყანა სამოქალაქო ომამადე მიიყვანა, რამაც 12 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2001 წლის 1 ივნისს სამეფო სასახლეში მასობრივი მკვლელობა მოხდა. მოკლეს მეფე ბირენდრა, დედოფალი აიშვარია და სამეფო ოჯახის კიდევ 7 წევრი. მვლელი ერთ-ერთი პრინცი დიპენდრა იყო, რომელმაც სამი დღის შემდეგ თავი მოიკლა. პრინცის აგრესია გამოიწვია იმან, რომ მშობლებმა მისი საყვარელი ქალის ცოლად მოყვანაზე უარი განუცხადეს. ცოხვა-ჟლეტის შემდეგ მეფე ბირენდრას ძმა გიანენდრამ დაიკავა ტახტი. 2005 წლის პირველ თებერვალს მეფე გიანენდრამ მთელი მთავრობა დაითხოვა და მაოისტური მოძრაობის ჩახშობა სცადა, თუმცა 2006 წელს დემოკრატიულმა მოძრაობამ მეფე აიძულა სუვერენული ძალაუფლება ხალხისთვის გადაეცა.[14]

2008 წელს ნეპალის გაერთიანებულმა კომუნისტურმა პარტიამ არჩევნებში უმრავლესობის ხმები მოიპოვა და ჩამოაყალიბა  სამთავრობო კოალიცია. ახლად არჩეული საკრებულო 2008 წლის 28 მაისს კატმანდუში შეიკრიბა. ხმის მიცემის შედეგად 564 ამომრჩევლიდან 560-მა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას მისცა ხმა. ამ დროისთვის ნეპალი სეკულარულ და ინკლუზიურ დემოკრატიულ რესპუბლიკად იყო აღიარებული, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდებოდა.

2009 წლის მაისში მაოისტური მთავრობა დაემხო და ახალი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელშიც ყველა მსხვილი პოლიტიკური პარტია შედიოდა, მაოისტურის გარდა.

2014 წლის თებერვალში სუშილ კოილარა ნეპალის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.[15]

2015 წლის სექტემბერში ახალი კონსტიტუაცია მიიღეს, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად ფედერალუ-დემოკრატიულ რესპუბლიკად გადააქცია. ეს უკანასკნელი 7 უსახელო შტატადაა დაყოფილი.

2015 წლის ოქტომბერში პრეზიდენტად ბიდჰია დევი ბჰანდარი აირჩიეს, რომელიც ნეპალის ისტორიაში ქალი პრეზიდენტია[16].

ქვეყანა ჰიმალაის მთიანეთში. მის ტერიტორიაზე მდებარეობს 14-დან 8 რვაათასიანი მწვერვალი, მათ შორის მთა ევერესტი (ნეპალურად - საგარმათჰა, ტიბეტურად - ჯომოლუნგმა). მოსაზღვრე ქვეყნებია: ჩინეთი, ინდოეთი. ფართობი: 140 797 კვ. კმ.

  • სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (60+205 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 14 ზონა (anchal).
  • მოსახლეობა - 27 676 457 (2005), მათ შორის ნეპალელი 55 %, ბიჰარელი 18 %.
  • სახელმწიფო ენა: ნეპალური (90 %). სხვა ენები - 30-მდე ადგილობრივი ენა და დიალექტი.
  • რელიგია: ინდუიზმი.
  • დედაქალაქი: კატმანდუ (729 ათასი), ბირატნაგარი (175), ლალიტპური (169), პოხარა (166).

ნეპალი ისტორიულად ყოველთვის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა იყო. 2006 წელს სამოქალაქო კონფლიქტის დასრულების შემდეგ ქვეყანაში ახალი რეფორმები გაატარეს და ინვესტიციები მოიზიდეს, რამაც სიღარიბის დონე ოდნავ შეამცირა და სიტუაცია გააუმჯობესა. თუმცა, ქვეყნის განვითარების გზა 2015 წელს მიწისძვრების გამო შეჩერდა.

დღეს ნეპალი სამხრეთ აზიის უღარიბესი და მსოფლიოში მე-17 ყველაზე ღარიბი ქვეყანაა[17]. მოსახლეობის დაახლოებით 25 % სიღარიბის ზღვარზე დაბლა ცხოვრობს. ძალიან სერიოზული სხვაობაა სხვადასხვა კასტების, ეთნიკური ჯგუფებისა და რეგიონების წარმომადგენლების საცხოვრებელ პირობებს შორის. დაუსაქმებლების პროცენტული წილი 42-ია, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი 35 წლამდე ასაკისაა. ყოველწლიურად 300,000 ადამიანი ემატება დაუსაქმებელთა რიცხვს.

ეკონომიკური განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკური განვითარების დონე ნეპალში დღესაც ძალიან დაბალი და მერყევია. პროდუქტიულობის დაბალმა დონემ ქვეყანას ხელი შეუშალა ეკონომიკური სტრუქტურის გარდაქმნაში - სიტუაცია, რომლის დროსაც მუშახელი დაბალი პროდუქტიულობის საქიანობიდან მაღალი პროდუქტიულობის სამუშაოში გადაინაცვლებს. წარმოების სექტორის შემცირებისა და მომსახურების სფეროში პრობლემების გათვალისწინებით, ნეპალის მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში მუშაობის ნაცვლად საზღვარგარეთ წასვლას ცდილობენ სამუშაოს საძებნელად. ნეპალი თავისი დონის ქვეყნებს საგრძნობლად ჩამორჩება უცხოური ინვესტიციების, ინდუსტრიული ზრდისა და პროდუქტიულ აქტივებში ინვერსტირების მაჩვენებლებით.

ტრანსპორტსა და ენერგიაზე მაღალ გადასახადს[18] დამატებული არახელსაყრელი ბიზნეს გარემო - ეს ყველაფერი აფერხებს მომგებიანი საწარმოების წინსვლას, ძირს უთხრის ეკონომიკურ ზრდას და უკან ხევს ქვეყნის განვითარების პოტენციალს. სუსტი საზოგადოებრივი ადმინისტრაცია და მცირე საწარმოო ბაზა ნეპალის ტრანსფორმირების პროცესს ძალიან აფერხებს.

მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდის მაჩვენებელი 2016 წელს მხოლოდ 1.5 %-ია, როდესაც 2015 წელს ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტი იყო, ხოლო 2014 წელს 5,1 %-ს უდრიდა. ასეთი რეგრესის მიზეზი 2015 წელს მომხდარი მიწისძვრაა, რომელმაც საკმაოდ დააზარალა ქვეყანა. საშინელი მიწისძვრის დროს 8500 ადამიანზე მეტი დაიღუპა და 18 000 დაიჭრა. ქვეყანას გამოუყვეს 423 მილიონი დოლარი დასახმარებლად, თუმცა ნეპალის მთავრობის ვარაუდით, სრულ რეკონსტრუქციას დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი დასჭირდება. ამ რეკონსტრუქციის გამო 2016 წელსაც ასეთ დაბალ ზრდის ტემპს მოელიან, ხოლო 2017 ში ეს მაჩვენებელი 4,8 %-მდე უნდა ავიდეს[19].

ინფლაციის დონე 2014 წელს 10 %-მდე იყო, ხოლო 2015 წელს 8 %-ზე დაბლა ჩამოვიდა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი ისევ 10,5 %-მდე გაიზარდა, ხოლო 2017 წლისთვის 8,2 %-მდე დაკლებას ვარაუდობენ.

უკანასკნელ ათწლეულში ნეპალის ეკონომიკამ ძალიან კარგი შედეგები დააფიქსირა სიღარიბესთან ბრძოლასა და ეკონომიკურ ზრდაში. 2005 წელს მოსახლეობის 80 % გაჭირვებაში ცხოვრობდა 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 57 %-მდე შემცირდა.

ნეპალში ცხოვრების ღირებულება უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ბოლო წლებში ცხოვრების დონე შემცირებულია. 2011 წელს მსოფლიოს შიმშილის ინდექსით ნეპალი 81 ქვეყანას შორის 54-ე აღმოჩნდა კამბოჯასა და ტოგოს შორის. დღევანდელი შედეგი ბევრად უკეთესია, ვიდრე 2011 წლის, ან მით უმეტეს 1990 წლის მაჩვენებელი.

ეკონომიკური თავისუფლების დონე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 151-ე ქვეყანაა მსოფლიოში 50,9 ქულით. უმთავრესი პრობლემა კანონის უზენაესობის, ღია ბაზრისა და მომუშავეთა თავისუფლების ნაკლებობაა.

მიუხედავად იმისა, რომ კორუფცია პოლიტიკაში და მთავრობაში მაინც პრობლემად რჩება, 2015 წლის მიწისძვრამ ხალხში ეროვნული სულისკვეთება აამაღლა. ამის ფონზე პოლიტიკურმა პარტიებმა სერიოზული პროგრესი აჩვენეს კანონის უზენაესობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, საკუთრების დაცვა მაინც არ ხდება ეფექტურად.

ბიზნესის თავისუფლების მაჩვენებელი 64,9 %- ია, ხოლო მუშახელის თავისუფლების 47,3 %. ორივე მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. რეგულაციების ეფექტურობა არ არის სახარბიელო. მიუხედავად ამისა, 2015 წლის შემდეგ გაუმჯობესებულია მონეტარული თავისუფლების მაჩვენებელი.

ვაჭრობის თავისუფლების დონე 55.6-ია. მთავრობისთვის მთავარი შემოსავლის წყარო დაწესებული ტარიფებია. ნეპალში საშუალოდ ტარიფის დონე 14,7-ია. აკრძალულია ხორცის იმპორტი. მთავრობა საკმაოდ დიდი დოზით ერევა ქვეყნის ვაჭრობაში. ინვესტირების თავისულების მაჩვენებელი მხოლოდ 5- ს უდრის, ხოლო ფინანსური თავისუფლებისა 30- ს[20].

იმპორტი და ექსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საექსპორტო ეკონომიკის სიდიდით ნეპალი მსოფლიოში 150- ე ადგილს იკავებს. 2014 წელს ქვეყანამ 1.06 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო ექსპორტისგან, თუმცა 7.75 მილიარდი იმპორტში დახარჯა, რამაც საბოლოო ჯამში 6.69 მილიარდი დოლარის ოდენობის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შეადგინა. 2014 წელს ნეპალის მთლიანი შიდა პროდუქტი 19.8 მილიარდს შეადგენდა.

2014 წლის მონაცემებით, ნეპალისთვის საუკეთესო საექსპორტო ქვეყანა ინდოეთია (657 მილიონი დოლარი), შემდეგ მოდის აშშ (84,2 მილიონი დოლარი), ჩინეთი (41 მილიონი დოლარი), გერმანია (38,8 მილიონი დოლარი) და დიდი ბრიტანეთი (26.9 მილიონი დოლარი). ყველაზე მეტ იმპორტს ინდოეთიდან ახდენს (4,74 მილიარდი დოლარი), შემდეგ მოდის ჩინეთი (1,16 მილიარდი დოლარი), არაბთა გაერთიანებული საამირო (415 მილიონი დოლარი), ინდონეზია (136 მილიონი დოლარი) და ჰონგ კონგი (119 მილიარდი დოლარი)[21].

ქვეყნის ვაჭრობის მაჩვენებლები საკმაოდ გაიზარდა 2000 წლიდან მოყოლებული. ამის მიზეზი ტანსაცმლისა და ხალიჩების ინდუსტრიის განვითარებაა. 2000 და 2001 წლებში ექსპორტი 14 %-ით გაიზარდა, როდესაც იმპორტის ზრდა მხოლოდ 4,5 %-ით მოხდა. ამან სავაჭრო დეფიციტი წინა წელთან შედარებით, 4 %-ით შეამცირა. ბოლო დროს ევროკავშირი გახდა ნეპალის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი. ქვეყანაში ტანსაცმლის მთლიანი ექსპორტის 46,13 % ევროკავშირზე მოდიოდა. 

ბუნებრივი რესურსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბრინჯის მინდვრები ნეპალში

ნეპალის ეკონომიკაში უდიდესი ყურადღება ექცევა აგრარულ სექტორს. სამუშაო ძალის 76 % სოფლის მეურნეობაშია, 18 % მომსახურების სექტორში და მხოლოდ 6 % მრეწველობაში. ასეთ გადანაწილებას ნეპალის რესურსები განაპირობებს. მაგალითად, ზოგიერთ რეგიონში მოჰყავთ ჩაი, ბრინჯი, სიმინდი, ხორბალი, შაქრის ლერწამი და სხვადასხვა ბოსტნეული. ინდუსტრიაში ხდება ამ პროდუქტების გადამუშავება. თუმცა, ამ სფეროში მომუშავე 10 მილიონი ადამიანიდან უმეტესი არაკვალიფიციურია.

ნეპალი ტერიტორიულად მცირე ქვეყანაა, თუმცა საკმაოდ მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. წყალი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია ქვეყანაში[22]. მხოლოდ ბრაზილიას აქვს ნეპალზე მეტი წყლის რესურსი.

ქვეყანას არ აქვს უშუალოდ რომელიმე ზღვასთან კავშირი, რადგან ინდოეთი და ჩინეთი აკრავს გარს. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი მდინარე ჩამოედინა ჰიმალაის მთებიდან. როდესაც მწვერვალებიდან თოვლი დნება, მდინარეები იქმნება. ისინი მთიანი რეგიონებიდან ტერაიმდე მიედინებიან. ნეპალში ყველაზე დიდ მდინარეებს რამდენიმე შენაკადი აქვთ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტბების ფაქტორი. ნეპალი ამ მხრივაც საკმაოდ მდიდარია. ტბა რარა ყველაზე დიდია ქვეყანაში. მდინარეები, ტბები, მცირე ზომის შენაკადები და მიწისქვეშა წყლები ნეპალის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

წყალი დალევისა და დაბანის გარდა, გამოიყენება მორწყვისთვის. ირიგაცია კი უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობაში. ჰიდროელექტროობაც სწრაფი მდინარეებისგან მოდის. მრავალი ჰიდროელექტროსადგური არის აშენებული ნეპალის მდინარეებზე.

ასევე მნიშვნელოვანია მინერალებიც. ფიქალი, მთის ქანი, ქვა, ნახშირი, რკინა, სპილენძი, კირქვა, მაგნეზიტი, ქარსი და ბუნებრივი გაზი ძალიან საჭირო ბუნებრივი რესურსებია. მთის ქანები მარმარილოს დასამზადებლად გამოიყენება, კირქვას ცემენტის ინდუსტრიაში ხმარობენ[23].

ქვეყანა ნამდვილად მდიდარია რესურსებით, თუმცა ფინანსური პრობლემებისა და გაწაფული მუშახელის ნაკლებობის გამო, მათი ათვისება სათანადოდ ვერ ხერხდება.

ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლამაზი ლანდშაფტი და განსხვავებული ეგზოტიკური კულტურები ნეპალს ტურიზმის განვითარების ძალიან კარგ საშუალებას აძლევს. მაგრამ, ამ სფეროში ზრდა მთავრობის არასტაბილურობამ და ცუდმა ინფრასტუქტურამ შეაფერხა. მიუხედავად ამ პრობლემებისა, 2012 წელს ნეპალში თითქმის 600 000 ტურისტი ჩავიდა, რაც 10 %-იანი ზრდა იყო წინა წელთან შედარებით. ამ წელს ტურისტული სექტორიდან შემოსავალმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3 % შეადგინა.

ინფრასტრუქტურა მაინც ქვეყნის უპირველეს სისუსტედ მიიჩნევა. ნეპალი ოთხივე მხრიდან ჩაკეტილია სხვა ქვეყნებით და გეოგრაფიული პირობების გამო, მეზობლებს კარგად ვერ უკავშირდება. არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ეს ქვეყანას ხელს უშლის გლობალურ დონეზე მყარი კავშირების ჩამოყალიბებაში. ნეპალის უდიდეს ნაწილში კიდევ არ არის დაგებული გზები და ერთმანეთთან დაკავშირება პრობლემას წარმოადგენს.

ნეპალში კოორდინაციულ ხარვეზებს სხვადასხვა დონეზე აქვთ ადგილი. მაგალითად, კოორდინაციული ხარვეზებია მთავრობის შიგნით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, თავად კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე მთავრობასა და განვითარებაში ხელშემწყობ პარტნიორებს შორის.

ერთ-ერთი უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ხარვეზი, რაც მთავრობას აქვს, არის ეკონომიკური რეფორმებისა და ზრდისგან მიღებული მოგების არათანაბარი განაწილება. განაწილება ხდება გარკვეული რეგიონების, ეთნიკური ჯგუფების, კასტებისა და ქალების გამოკლებით. პოლიტიკურმა გაურკვევლობამ კიდევ უფრო გააუარესა ისედაც სუსტი მართვის ეფექტურობა და მთავრობის შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოლიტიკა მტკიცედ დაამკვიდროს. უფრო მეტიც, ბიზნეს ასოციაცებს უჭირთ ამოარჩიონ სექტორები, რომელშიც კოლექტიური მოქმედება ყველაზე დიდ მოგებას მოიტანს. უცხოური დახმარებების არაადეკვატური განაწილება ეროვნული განვითარების გეგმასა და სექტორული დაგეგმარებისთვის, დამხმარეებს შორის თანამშრომლობის პრობლემა და ასეთი ტიპის ფაქტორები ხელს უშლის ნეპალს უცხოური დახმარების წარმატებულად გამოყენებაში[24].

ნეპალის კულტურა ძალიან მდიდარი და განსაკუთრებულია. მისი კულტურული მემკვიდრეობები საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. ისინი შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ ეროვნული, ტომობრივი და სოციალური ჯგუფების სახით. ეს ყოველივე მოიცავს მუსიკასა და ცეკვას, ხელოვნებასა და ხელ-გარჯილობას, ფოლკლორსა და ხალხურ ზღაპრებს, ფილოსოფიასა და რელიგიას, ფესტივალებსა და დღესასწაულებს, საჭმელსა და სასმელს. ნეპალური კულტურაზე გავლენა იქონია ინდურმა, ტიბეტურმა და მონღოლურმა კულტურებმა.

მუსიკა და სიმღერა დიდ როლს ასრულებს ხალხებს შორის ჰარმონიული დამოკიდებულების დამყარებაში, როდესაც ისინი ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ. ნეპალში ბევრი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი იყრის თავს. მუსიკა და სიმღერა კი ერთ-ერთი დიდი მიზეზია მათი ასეთი გაერთინებისა. კულტურული მუსიკა მათი სული და სიამაყეა, ის სარკეა მოსახლეობისა.  

ნეპალი არის ქვეყანა, სადაც უამრავი რიტუალი, ფესტივალი და დღესასწაული აღინიშნება, რომლებსაც მოქალაქეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობებია. არცერთი მათგანია ცეკვასა და მუსიკას მოკლებული, ეს დღესასწაულებისა და ფესტივალების განუყოფელი ნაწილია.  

თუ ისტორიული ფაქტები სანდროა, ნეპალელებს დაახლოებით 200 მეტი საკუთარი მუსიკალური ინსტრუმენტი გააჩნიათ. მათ ბევრნაირი მუსიკის ფორმა აქვთ (თავიანთი), რომელიც დანარჩენი სამყაროსთვის ძალიან უცხოა. მათი ტრადიციული სიმღერები მათივე განსაკუთრებული და უჩვეულო ინსტრუმენტებით სრულდება. ყველა ეთნიკურ ჯგუფს თავისი განსხვავებული დასაკრავი ინსტრუმენტი აქვს. მათ ასევე ყავთ მუსიკოსები, რომლებსაც დამაი (Damai) ეწოდებათ. ისინი უკრავენ სხვადასხვა ცემერმონიების, შეკრებების, რიტუალების დ დღესასწაულების დროს.[25]

რაც შეეხება მუსიკის ჟანრებს, დღესდღეობით ნეპალში ისინი ძალიან მრავალფეროვანია: პოპი (Pop), როკი (Rock), ხალხური (Folk) და კლასიკური მუსიკა (Calssical music). იშვიათად, მაგრამ რეპიც (Rap) გვხვდება ხოლმე ნეპალის მუსიკალურ სამყაროში.

ნეპალში სხვადასხვანარი ცეკვები არსებობს და თითოეულს განსხვავებული დანიშნულება აქვს. ცეკვის ტრადიცია საუკუნეების მანძილზე არ ჰკარგავს მნიშვნელობას ნეპალელთათვის, შეგვიძლია ისიც კი ვთქვათ, რომ ეს ტრადიცია სამყაროს თავისი შექმნიდან მოსდევს. ყველა ეთნიკურ ჯგუფს საკუთარი ცეკვა აქვს ნეპალში. ცეკვის ტრადიცია ძალიან პოპულარულია, რადგან ის რელგიის, კულტურის, კოსტუმებისა და პროფესიების გავლენის ქვეშაა.

კრიშნა (ღმერთი) (Lord Krishna) არის ღვთიური მოცეკვავე, როდესაც შივა (ღმერთი) (Lord Shiva) ითვლება საუკეთესო კლასიკურ მოცეკვავედ. ის არის ცეკვის ღმერთი. ძირითადად ცეკვებს ნეპალში რელიგიური დატვირთვა აქვს.[26]

ფესტივალები და დღესასწაულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკრამ სამვატის (Vikram Samvat) კალენდრის მიხედვით (რომელიც ჰინდუს კალენდრების (Hindu Calendar) შორისაა), ოფიციალურად ნეპალში ახალი წელი პირველ ბაისახს აღინიშნება. ბაისახი ერთ-ერთი თვეა, რომელიც გრეგორიანული კალენდრის მიხედვით, დაახლოებით შუა აპრილიდან შუა მაისამდე გრძელდება. ნეპალური კალედარი (იგივე ვიკრამ სამვატი) 12 თვეს მოიცავს. ასევე ნეპალელებს აქვთ მთვარის კალედარი (lunar calendar), რომლის გათვალისწინებითც ახალი წელი გრეგორიანული კალენდრის მიხედვით დაახლოებით ნოემბერში ემთხვევა.[27]

ფესტივალები და დღესასწაულები შეიძლება დღეების მანძილზე მიმდინარეობდეს. ეს კიდევ უფრო მიუთითებს იმაზე, რომ ნეპალელებისთვის ასეთი აქტივობები უმნიშვნელოვანესია. როგორც ჩვენთვის ცნობილია ნეპალის მოსახლეობა ძირითადად ინდუსი ან ბუდისტია, სწორედ ამიტომ ფესტივალების უმეტესობას რელიგიური დატვირთვა აქვს. ბევრ მათგანს განსაზღვრული თარიღის დროს არ აღნიშნავენ, არამედ ისინი ასტრონომიული გათვლებით ადგენენ თუ როდის მოდის ღონისძიების დრო.[28] ფესტივალები და დღესასწაულები მუსიკის, ცეკვის და საჭმლის გარეშე ძირითადად არ მიმდინარეობს.

როგორც ყველგან, ნეპალშიც არსებობს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფესტივალები, რომლებიც შეიძლება ყველაზე აღსანიშნავად ჩავთვალოთ. ასეთია მაგალითად დაშაინი (Dashain). ის ყველაზე გრძელი ფესტივალია, რაც ნეპალში ტარდება. ის გრძელდება 15 დღე დაახლოებით ოქტომბერი-ნოემბრის პერიოდში, როდესაც მთვარე იწყებს შევსებას. 15 დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეებია პირველი, მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე. მოსახლეობა ლოცულობს შაქტიზე (Shakti). ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფესტივალი აღნიშნავს ოჯახის მთლიანობასა და ერთიანობას. ღონისძიების დროს ყველაფერი ისვენებს, როგორებიცაა სამთავრობო, საგანმანათლებლო ორგანოები და სხვა.[29]

ასევე მნიშვნელოვანი ფესტივალია Khicha Puja, რომლის დროსაც ეთაყვანებიან ძროხებსა და ძაღლებს.[30]

არარელიგიური ღონისძიების რიგებსი შეგვიძლია შევიყვანოთ კონსტიტუციის დღე, რომელიც 9 ნოემბერს აღინიშნება. ასევე ბავშვების დღე, რომელიც შეახსენებს მოსახლეობას ბავშვების უფლებების შესახებ.[31]

ადგილობრივი ზნე-ჩვეულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალში უამრავი ტრადიცია თუ ზნე-ჩვეულება არსებობს, რომლებსაც განაპირობებს ნეპალში არსებული რელიიგიები და სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობები.

ძალიან დიდი პატივისცემით ეპყრობიან მოხუცებს, მათზე უფროს ადამიანებს და, რა თქმა უნდა, სტუმრებს. სხვადასხვა რიტუალები ტარდება მშობიარობის, ქორწინების და სიკვდილის დროს, რადგან ეს მოვლენები, როგორც ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია და შესაფერის აქტივობებსაც საჭიროებს ნეპალში. გარდა ამისა ნეპალში არსებობს სხვა ბევრისთვის უჩვეულო და უცხო ტრადიციები.[32]

ძალიან მკაცრად აკონტროლობენ კვების ეტიკეტს. თუ ადამიანმა შეახო საკვებს ტუჩები, ის უკვე სხვებისთვის დაბინძურებულია. ამიტომ ნეპალში არასდროს არ უნდა შესთავაზოთ ადამიანს პროდუქტი თუ ის უკვე თქვენ მიერ „დაბინძურებულია“. თუ გინდათ, რომ სხვისი ბოთლიდან მოსვათ წყალი, მაშინ უნდა ეცადოთ, რომ ტუჩები არ შეახოთ მას. აღსანიშნავია ასევე, რომ თუ ხელით მიირთმევთ საკვებს, აუცილებლად მარჯვენა ხელით უნდა გააკეთოთ ეს. მარცხენა ხელი მხოლოდ ჭიქით შეიძლება იყოს დაკავებული. ძალიან დიდი უპატივცემულობაა მარცხენა ხელით კერძის ვინმესთვის გადაწოდება. ამგვარად საკვები, საუქრები და ფული მარჯვენა ხელით უნდა გადასცეთ სხვა ადამიანს თუ გინდა, რომ ნეპალელს პატივისცემით მოეპყრო.

ნეპალის მოსახლეობა ასევე დიდ ყურადღებას აქცეცს ჩაცმულობას. მამაკაცებს საზოგადოებაში აუცილებლად გრძელი შარვალი და პერანგი უნდა ეცვათ. რაც შეეხებათ ქალებს, მათი მხრები აუცილებლად დაფარული უნდა იყოს. დღესდღეობით დაშვებულია შარვლის ჩაცმა ქალებისთვის, მაგრამ უკეთეს ვარიანტს კაბა წარმოადგენს, რომელიც მუხლს ქვემოთ აღწევს. კატმანდუსა და პოხარაში გოგონებს უკვე აცვიათ მოკლე მაისურები და შარვლები, მაგრამ ეს დიდი რისკის ქვეშ აყენებს მათ, რადგან ხალხმა შეიძლება მათზე იფიქრონ, რომ ისინი სექსუალურად მისაწვდომები არიან.  ასევე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში აკრძალულია კოცნა, ჩახუტება და ხელის ჩაკიდება შეყვარებული წყვილის მიერ.[33]

ნეპალი პატრიარქალური ქვეყანაა, ამიტომ კაცები ყოველთვის სათავეში დგანან[31]. ისინი მუშაობენ, როდესაც ქალები ბავშვებს უვლიან სახლში. რაც შეეხება ქორწინებას, ეს საკითხიც ტრადიციებზეა აგებული. ქორწინება ოჯახებს შორის დიდ და ხელშეუხებელ კავშირს ქმნის. როდესაც გოგონა გათხოვებისთვის შესაფერის ასაკში შეაბიჯებს ფეხს, მშობლები იწყებენ ხელსაყრელი, ამასთანავე განათლებული და კარგი სოციალური წრის  სასიძოს პოვნას თვიანთი ქალიშვილისთვის. პატარძლის ოჯახი მზითევს არჩევს, ხოლო მეფის მხარე ცდილობს გოგოსთვის რაიმე პატარა საჩუქარი მოძებნონ, მაგალითდ სამკაული ან ტანისამოსი. ორივე მხარე მოელის ერთმანეთის დაპატიჯებას ლხინზე, სანამ ქორწილი გაიმართება, რომელიც დაახლოებით 3 დღე გრძელდება. ქორწილის საფასური ხშირ შემთხვევაში ძალიან მაღალია, რისი გადახდა ძირითადად პატარძლის ოჯახს უწევს. ამის შემდეგ ისინი ხშირად ვალებში ვარდებიან.[34]

ნეპალი განთქმულია მრავალფეროვანი და უგემრიელესი კერძებით. დიდი გავლენა იქონია ტიბეტურმა და ინდურმა საკვების მომზადების წესმა ნეპალურ კულინარიაზე. ასევე დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატი.

მათი ყველაზე ცნობილი, გამორჩეული და მთავარი (ნაციონალური) კერძია დალ ბათი (Dal Bhat). Dal ნიშნავს ოსპის სუფს, ხოლო Bhat მოხარშულ ბრინჯს. ბრინჯი ნეპალური კულინარიის უცვლელი კომპონენტია.[35]

ასევე არსებობს „ჰიბრიდული“ კერძები. ერთ-ერთია Momo, რომელიც იყო ტიბეტური კერძი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნეპალელებმა თავიანთი არაჩვეულებრივი და განთქმული სანელებლები დაუმატეს ის ნეპალური კერძი გახდა და დაერქვა Momo cha. ის ძალიან გავრცელებულია, თითქმის ყველა რესტორანში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის იმდენად მოთხოვნადია, რომ შეგვიძლია ნაციონალური კერძის სახელიც კი მივანიჭოთ.[35]

კულტურასა და ეროვნებაზე დაყრდნობით მთავარი მზარეული, რომლებიც ძირითადად ოჯახში დედები არიან, საჭმლის მომზადების წესს თვიანტი დედისგან სწავლობენ და ასე უსასრულოდ. სწორედ ამიტომ ინარჩუნებს ასეთ განსაკუთრებულ სახელს ნეპალური კულინარია. კერძების უმეტესობა ძალიან ცხარეა, მაგრამ არის გამონაკლისებიც. შესაძლებელია კერძი ნაკლებად ცხარე გაკეთდეს, მაგრამ მისი გემო შენარჩუნდეს.[35]

რელიგიამ ნეპალურ ხელოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ის იცვლება საუკუნეების მანძილზე. დასავლური ზეგავლენა ნელ-ნელა შესამჩნევი ხდება თანამედროვე არტისტებზე.

ყველაზე ძველი ხელნაწერების ილუსტრაციები იპოვეს პალმის ხეებზე. ყველა ეს ილუსტრაცია გამოსახულია ღმერთებთან და ქალღმერთებთან ერთად.

კიდევ ერთი მხატვრობის ფორმა, რომელიც უძველესი დროით არის დათარიღებული, ეწოდება თანგკა (Thangka). ისინი დატვირთულნი არიან რელიგიური ელემენტებით (უმეტეს ნამუშევარზე გამოსახულია ღმერთები) და ამით გამოხატავენ ღმერთების მიმართ თაყვანისცემას.

ნეპალური ტაძრები და ღმერთების ქანდაკებები უნიკალური და ულამაზესია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ხელოსნობის სრულყოფილებაა.[36]

ღირსშესანიშნაობანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგარმათას ეროვნული პარკი, კატმანდუს ხეობა, ჩიტვანის სამეფო პარკი, ლუმბინი (ბუდას დაბადების ადგილი).


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. National Population and Housing Census 2011 -(National Report). სტატისტიკის ცენტრალური ბიურო (ნეპალი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-18. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2012.
  2. 2.0 2.1 Nepal. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 12 March 2016.
  3. 2015 Human Development Report. United Nations Development Programme (2015). ციტირების თარიღი: 17 December 2015.
  4. CIA – The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 5 December 2012.
  5. Shaha (1992), p. 1.
  6. 2011 Nepal Census Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-18. ციტირების თარიღი: 2012-12-24.
  7. The 2013 Human Development Report – "The Rise of the South: Human Progress in a Diverse World" გვ. 144–147. კაცობრიობის განვითარების ანგარიში გაეროს განვითარების პროგრამა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 15 January 2014.
  8. Planning Commission, Nepal. An Approach to the Graduation from the Least Developed Country by 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 3 July 2014.
  9. witzel 1999a
  10. ლეო. ე . როუზი. ნეპალი
  11. 11.0 11.1 britannica.com - Nepal
  12. http://www.nepalarmy.mil.np/history.php?page=four დაარქივებული 2014-02-26 საიტზე Wayback Machine. History Of Nepal Army
  13. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - მთავარი სამეცნიერო რედაქცია 1984 წ.
  14. Timeline Of Nepal-27 სექტემბერი,2015 წ.
  15. Nepalnews.com. 28 აგვისტო 2011 წ.
  16. Svati Kirsten Narula - Nepal just elected its first female president 28 ოქტომბერი, 2015 წ.
  17. http://data.worldbank.org/country/nepal
  18. http://www.tradingeconomics.com/nepal/gdp-from-transport
  19. Nepal: Economy. (2014). Retrieved July 06, 2016, from http://www.adb.org/countries/nepal/economy#tabs-0-1
  20. Nepal. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.heritage.org/index/country/nepal
  21. Nepal. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://atlas.media.mit.edu/en/profile/country/npl/
  22. Statistics. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.unicef.org/infobycountry/nepal_nepal_statistics.html
  23. http://www.economywatch.com/economic-statistics/country/Nepal/
  24. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-14. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  25. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-20. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  26. [1]
  27. "Festivals of Nepal". Nepalhomepage.com. არქივირებული the original-დან 9 მაისს 2008 წელს. Retrieved 29 ივლისი 2009.
  28. [2]
  29. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-11. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  30. https://nepaliaustralian.com/2012/11/13/kukur-puja-tihar/
  31. 31.0 31.1 http://www.livescience.com/50734-nepal-facts.html
  32. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-02. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  33. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-13. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  34. http://www.everyculture.com/Ma-Ni/Nepal.html
  35. 35.0 35.1 35.2 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-26. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  36. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-01. ციტირების თარიღი: 2016-07-06.