ზაქარია (ჯორჯაძე)
ზაქარია (გვარად ჯორჯაძე) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1623-1630 წლებში. მანამდე იყო ნეკრესის ეპისკოპოსი (ნეკრესელი) დაახლოებით 1613-1623 წლებში და სამეფო კარის ეკლესიის წინამძღვარი.
1614 წელს, კახეთში შაჰ-აბას I-ის შემოსევის დროს, ზაქარია კახეთიდან ლტოლვილ თეიმურაზ I-ს ახლდა იმერეთში. მან ქართლის სამეფო ხელისუფლებას 1624 წელს განაახლებინა მცხეთის საკათალიკოსო მფლობელობა. მიმოწერა ჰქონდა რომის პაპთან ურბან VIII-თან, სთხოვდა საქართველოში გამოეგზავნა მკურნალები, მხატვრები და მტრისგან გაძარცვული ეკლესიებისათვის ინვენტარ-შესამოსელი, ბარძიმები. მფარველობდა იტალიელ მისიონერებს და ცდილობდა გამოეყენებინა ისინი ქვეყნის ინტერესებისათვის. მეფისა და კათოლიკოსის ურთიერთშეთანხმებით დასავლეთ ევროპაში ელჩად გაიგზავნა ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი. პაპმა ურბან VIII-მ საჩუქრად გამოუგზავნა თვალმარგალიტით შემკული მიტრა და ფალონი, მაგრამ იგი ლათინური ყაიდის იყო და ზაქარიამ თეიმურაზ I-ს გადასცა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.
- ლომინაძე ბ., მასალები საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1951, ნაკვ. 29.
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 321.