მეირიდ მაგუაირი
მეირიდ მაგუაირი | |
---|---|
მაგუაირი 2009 წელს. | |
დაბადების სახელი | მეირიდ კორიგანი |
დაბადების თარიღი |
27 იანვარი, 1944 ბელფასტი |
მეირიდ მაგუაირი, მეირიდ კორიგან მაგუაირი, (ინგლ. Máiread Maguire; ქალიშვილობის გვარი: კორიგანი, Corrigan; დ. 27 იანვარი, 1944, ბელფასტი, ჩრდილოეთი ირლანდია) — ჩრდილოირლანდიელი მშვიდობის აქტივისტი. 1970-იან წლებში ბეთი უილიამსთან და კიარან მაკკეონთან ერთად ხელმძღვანელობდა სამოქალაქო საზოგადოება „მშვიდობის ხალხს“, რომლის მიზანი იყო ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფესიური დაპირისპირების შეჩერება. 1976 წელს უილიამსთან ერთად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეირიდ კორიგანი დაიბადა ბელფასტის ღარიბ კათოლიკურ ოჯახში 1944 წელს. ახალგაზრდობაში მუშაობდა მდივნად. ამათანავე, იგი იყო კათოლიკური საქველმოქმედო საზოგადოების, „მარიამის ლეგიონის“ (Legion of Mary) და მოხალისედ მუშაობდა ბავშვებთან და მოზარდებთან ბელფასტის კათოლიკურ უბნებში. უფრო აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1976 წლის აგვისტოში ჩაება მას შემდეგ, რაც გახდა საკუთარი დისშვილების ტრაგიკული დაღუპვის თვითმხილველი: ბრიტანელმა ჯარისკაცმა ესროლა ირლანდიური რესპუბლიკური არმიის ავტომანქანით მოძრავ მებრძოლს, რის შემდეგაც მანქანამ კონტროლი დაკარგა და სამი ბავშვი იმსხვერპლა. შემთხვევას შეესწრო ასევე ბეთი უილიამსი. რამდენიმე დღეში ორივე ქალბატონი უკვე აქტიურად ავრცელებდა პეტიციებს, აგროვებდა ხელმოწერებს და კონფესიურ ნიადაგზე ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. ამ საქმიანობამ კორიგანი და ვილიამსი ერთმანეთს დააკავშირა. მათ ერთად სამოქალაქო საზოგადოება „ქალები მშვიდობისთვის“ დააარსეს, მასში ათასობით პროტესტანტი და კათოლიკე გააერთიანეს და ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფლიქტის დასრულებისთვის დაიწყეს ბრძოლა. ორგანიზაციას მალე ეწოდა „მშვიდობის ხალხის საზოგადოება“ (Peace People). მათ შეურთდა ჟურნალისტი კიარან მაკკეონი, რომელმაც შექმნა საზოგადოების დეკლარაცია და მოაწყო მანიფესტაცია მის მხარდასაჭერად. იმავე წელს უილიამსი და მაგუაირი დაჯილდოვდნენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით (გადაეცათ 1977 წელს). კორიგანის, უილიამსის და მისი თანამებრძოლების წარმოდგენით, მიზნის მიღწევა „ქვემოდან“, მშვიდობის იდეის გარშემო ხალხის მასების დარაზმვით იყო შესაძლებელი. სამშვიდობო მოძრაობაში მონაწილეობდნენ როგორც პროტესტანტული, ასევე კათოლიკური თემის წარმომადგენლები, რომლებიც ერთიანდებოდნენ სკოლებში, უბნებში, სპორტულ კლუბებში. გარდა ამისა, ორგანიზაცია პატიმრების ოჯახების წევრებს საპყრობილეების მოსანახულებლად ავტობუსით ემსახურებოდა.[1][2]
1978 წელს შიდა უთანხმოებისა და კათოლიკური და პროტესტანტული თემების ექსტრემისტი წარმომადგენლების მიერ საბოტაჟის შედეგად ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო მოძრაობა თანდათან დაიშალა. ვილიამსი „მშვიდობის ხალხის საზოგადოებას“ 1980 წელს გამოეთიშა, მაგრამ კორიგანს ორგანიზაციის რწმენა არ დაუკარგავს, მის აქტიურ წევრად დარჩა და საპატიო პრეზიდენტად იქნა არჩეული. 1981 წელს ის ცოლად გაჰყვა თავისი დის ქვრივ ქმარს, ჯეკი მაგუაირს (მანამდე მეირიდის დამ, გარდაცვლილი ბავშვების დედამ ახალ ზელანდიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა). 2006 წელს მეირიდ კორიგან მაგუაირმა ნობელის პრემიის ლაურეატებთან — ბეთი უილიამსთან, შირინ ებადისთან, ჯოდი უილიამსთან, ვანგარი მაატაისთან და რიგობერტა მენჩუსთან ერთად დააარსა „ნობელიანტ ქალთა ინიციატივა“, რომლის მიზანია მსოფლიოში სამართლიანობის, მშვიდობისა და თანასწორობისთვის მებრძოლ ქალთა მხარდაჭერა. ის ასეე ცნობილია პალესტინელების მხარდამჭერი აქციებით; კერძოდ, გამოდიოდა ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ბლოკადის წინააღმდეგ, რის გამოც რამდენჯერმე იყო დეპორტირებული ისრაელიდან. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო საქველმოქმედო აქციაში, უფლებადამცველი ორგანიზაციების მუშაობაში; შეხვედრია მსოფლიოს წამყვან რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს.[1][2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Mairead Maguire, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 13 თებერვალი, 2020.
- ↑ 2.0 2.1 Mairead Corrigan, Nobel Media AB. ნანახია 13 თებერვალი, 2020.
|